თბილისში გაჩნდება იაპონური ბაღი საკურითა და რიტუალური კარიბჭით

© Flickr / Yasuhiro_Sიაპონური კარიბჭე
იაპონური კარიბჭე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გაიხსნება იაპონური ბაღი საკურით, რიტუალური კარიბჭით, ჩანჩქერით, ვულკანური ლავით. პროექტზე 200 ათასი ლარი გამოიყო.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. იაპონური ბაღი, რომელსაც დაამშვენებს საკურა, რიტუალური კარიბჭე — ტორი, ლამპიონები, მალე გაიხსნება თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონია 22 ოქტომბერს გაიმართება.

ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის ბოტანიკური ბაღი: თამარის ხიდი, ბილობილი, როკ-კლუბი და სინათლე გვირაბის ბოლოს

„ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. დარჩა გამწვანების სამუშაოები. დარგულია 12 საკურა და მრავალწლიანი წიწვოვანი მცენარეები, გაკეთდება ბალახის საფარი. იაპონური ბაღისთვის აუცილებელი აქსესუარები იაპონიიდან უკვე ჩამოიტანეს და დაამონტაჟეს“, — განაცხადა სულხანიშვილმა.

ბაღის დიზაინისა და მოწყობის სამუშაოებს ცნობილი იაპონური კომპანია აწარმოებს. გრანტის პირობები ასევე ითვალისწინებს ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა გადამზადებას, რადგან ბაღს გრძელვადიანი და სწორი მოვლა სჭირდება, აღნიშნა მან.

„კლასიკურ იაპონურ ბაღს რამდენიმე მთავარი კომპონენტი აქვს, რომლებიც იაპონური ბაღის ესთეტიკას განსაზღვრავს. ეს ყველაფერი ჩვენ ბაღში იქნება წარმოდგენილი. პირველ რიგში, ესაა წყალი. იქ შეიქმნა ხელოვნური ჩანჩქერი, პატარა მდინარე და წყალსაცავი. მეორე — ეს ლანდშაფტია. გარემო, რომელშიც ეს ბაღია განთავსებული, ძალიან ლამაზია. მესამეა მცენარეები. აუცილებელია, რომ ბაღში მარადმწვანე მცენარეები იყოს, რაც იაპონურ ბაღში მარადიულობის სიმბოლოა, და რომლებიც სეზონურად ყვავიან და ფერთა გამას ცვლიან. და, რა თქმა უნდა, საკურას ტრადიციული ყვავილობა გაზაფხულზე“, — განაცხადა სულხანიშვილმა.

© Саид Царнаев საკურას ყვავილობა
საკურას ყვავილობა - Sputnik საქართველო
საკურას ყვავილობა

ბაღის მნიშვნელოვანი ელემენტები იქნება ლამპიონები, კოშკების იმიტაცია, ხიდი მდინარეზე, ასევე ვულკანური ლავა, რომელიც ფუძიამას მთიდან სპეციალურად ჩამოიტანეს.

„და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ უკვე დაამონტაჟეს კარიბჭე – ტორი. მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს — თითოეულმა, რომელიც იაპონურ ბაღში შედის, თავისი ნეგატიური ემოციები და პრობლემები კარიბჭესთან უნდა დატოვოს და ბაღში მხოლოდ დადებითი ემოციებით შევიდეს“, — განაცხადა სულხანიშვილმა.

ბაღში არის ადგილი ჩაის რიტუალისთვის. იქვე შეიძლება ჩატარდეს სხვა ტრადიციული იაპონური რიტუალები.

„გარდა იმისა, რომ ბაღს დენდროლოგიური დატვირთვა ექნება, ეს ადგილი ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური კულტურის პოპულარიზებას. აქ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იქნება შესაძლებელი“, — აღნიშნა სულხანიშვილმა.

პროექტს თავდაპირველად თბილისის მერიის ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 200 ათას ლარს შეადგენს. თუმცა, პროექტის დასრულების შემდეგ თანხას იაპონური მხარე სრულად აანაზღაურებს. გრანტი საქართველოში იაპონიის საელჩომ გამოყო.

ყველა ახალი ამბავი
0