თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. გამეორებითი არჩევნები, შესაძლოა, ოთხ საარჩევნო უბანში ჩატარდეს – ზუგდიდის რაიონში სამ და მარნეულის ერთ საარჩევნო უბანში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ ცესკოს სპიკერ ანა მიქელაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა. საღამოს, ხმების დათვლის დროს დაარბიეს სოფელ ჯიხაშკარში №79 და №108, განმუხურში №39 საარჩევნო უბანი, ხოლო სოფელ ყიზილაჯლოში №48 საარჩევნო უბანი ჩხუბის გამო კენჭისყრის პროცესი ადრე დასრულდა.
„გამეორებითი არჩევნები, შესაძლოა, ამ უბნებზე ჩატარდეს, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, როდის მოხდება ეს“, – განაცხადა მიქელაძემ.
კანონით, არჩევნების საბოლოო შედეგები არჩევნებიდან არა უგვიანეს 19 დღეში უნდა შეჯამდეს, ანუ 27 ოქტომბრამდე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.
რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.