გია ხოხაშვილი — ნიჭიერი თბილისელი რეჟისორი, რომელიც 90-იან წლებში ბედის განგებით რუსეთში, შორეულ უსურიისკში დასახლდა და ადგილობრივ თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. დღეს იგი სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობია. თბილისში იმ დროის სტუდენტობას სცენაზე დადგმული მისი ინოვაციური, ძალიან თამამი სპექტაკლები დღემდე ახსოვს. ამჟამად მეუღლესთან ერთად ადგილობრივი კერძო თოჯინების თეატრის მფლობელია. ქართველი „პაპა კარლო“ პატარა მაყურებლის ბავშვობას მზითა და სიკეთით სავსე სცენებით ალამაზებს. სპექტაკლების მერე კი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, თბილისური მოგონებებით „თბება“…
— გია, ვიყოთ გულახდილი, ერთმანეთს სტუდენტობიდან ვიცნობთ, მოუყევით მკითხველს, ერთ მშვენიერ დღეს როგორ მოხვდა თბილისელი რეჟისორი საქართველოდან ასე შორის?
— სხვადასხვა გარემოების გამო 1989 წელს საქართველოდან საცხოვრებლად რუსეთში გადავედით, კერძოდ უსურიისკში, სადაც ჩემი მეუღლე მზია ცქიფურიშვილი უმაღლესის დამთავრების მერე განაწილებით მოხვდა. თავიდან მეუღლემ სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მე კი სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად და მეორე რეჟისორად ამიყვანეს. 1993 წელს კი უსურიისკში კერძო თოჯინების თეატრი დავაარსე. ადგილობრივ სცენაზე ჩემი პირველი როლი შევასრულე რუსული ზღაპრების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში Финист — ясный сокол, სადაც ყვავის როლი ვითამაშე. ჩემი ყვავი ქართულ ნაბადში იყო გახვეული და ეს უცნაური ფაქტი მაშინ ყველამ აღნიშნა და მოიწონა.
— საკუთარი თოჯინების თეატრი როგორ დააარსეთ?
— ჩემ მიერ განსახიერებული პირველი როლის მერე ადგილობრივ კულტურის განყოფილებაში დამიბარეს და მთხოვეს, რაიმე „ბალაგანური“ დადგიო. აი, აქ გამახსენდა თბილისის პიონერთა სასახლე, სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე და სასახლის თოჯინების თეატრში ვიყავი. გამახსენდა, რომ სულ ვოცნებობდი, საკუთარი თოჯინების თეატრი მქონოდა. მე და მზიამ უსურიისკის კულტურის განყოფილების შენობის სარდაფში ძველი თოჯინები აღმოვაჩინეთ და ისინი ჩვენებურად განვაახლეთ. მერე თეატრის შირმის რეკონსტრუქციაზე, დეკორაციებსა და ფარდაზეც ვიმუშავე. მზიამ ახალი თოჯინების დამზადება დაიწყო. დღეს აქ უკვე ყველა გვიცნობს. სპექტაკლებისთვის პიესებსა და მუსიკასაც ჩემი მეუღლე წერს.
— ისე, როგორი „პაპა კარლო“ ხართ?
— რა ვიცი, მგონი, კეთილი და ხალისიანი, თანაც ისეთი, სიახლეები რომ უყვარს. გასტროლებზე ხაბაროვსკისა და ვლადივოსტოკის მხარეში ხშირად დავდივართ. საქველმოქმედო სპექტაკლებსაც ვატარებთ ბავშვთა სახლებში…
— მაინტერესებს, სამომავლოდ თქვენი თოჯინები ქართულ ზღაპრებს თუ „მოირგებენ“?
— დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართული ზღაპრების მიხედვით თოჯინური სპექტაკლი დავდგა. ამის გარდა ვოცნებობ, რომ უსურიისკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩემი საყვარელი ნაწარმოები „თეთრი ბაირაღები“ განვახორციელო. ნოდარ დუმბაძე ხომ ყველა დროსა და ნებისმიერი ქვეყნის მაყურებლისთვის ახლობელი და გასაგებია. სცენის მიღმა ვცდილობთ ქართული ტრადიციებიც შეძლებისდაგვარად დავიცვათ – ქართულ სიმღერებსა და სამზარეულოს ვგულისხმობ. ჩემი გოგო, ნათია, რომელიც დღეს 21 წლისაა, თბილისში დაიბადა. ბოლოს საქართველოში 1990 წელს ვიყავი და ახლა წარმოიდგინეთ, მანდაურობა როგორ მენატრება…
— ნოსტალგიაზე მინდა გკითხოთ — თქვენ შემთხვევაში როგორ ერევით?
— ბოლო წლებში უფრო საგრძნობი გახდა ჩემი ნოსტალგია… წარსული წლები მუდმივად მახსენდება. წარმოიდგინეთ, უსურიისკის რომელიმე ქუჩაში მივდივარ და, უცებ, ბრახ! ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს თბილისში, რუსთაველზე ვარ, ან პლეხანოვზე… ზოგჯერ ძველი თბილისის ქუჩები მელანდება და ყურებში ჩამესმის, ვიღაც როგორ მეძახის ქართულად: გია!… ეს შეგრძნება ისეთი აშკარა და „ხილულია“, ლამის სიგიჟემდე მივიდე… ვოცნებობ, მალე ჩამოვიდე საქართველოში, განახლებული ჩემი ქვეყანა ვნახო, მონატრებულ ძველ მეგობრებს და ქუჩებს მოვეფერო…