თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ირაკლი ცირეკიძე დაინიშნა, იუწყება ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ირაკლი ცირეკიძემ ირაკლი უზნაძე ჩაანაცვლა, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2012 წლიდან ედგა სათავეში. უზნაძის ხელმძღვანელობით ქართველმა ძიუდოისტებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვეს რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე – ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლი, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა — ბრინჯაო. ეს შედეგი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს და პრესაში ოლიმპიადის დამთავრებისთანავე დაიწყო ლაპარაკი ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლის თაობაზე.
„ნაკრებში ცვლილებები იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არა ძირეული საკადრო და სისტემური ცვლილებები. მეტ ყურადღებას სპორტსმენების ფიზიკურ მომზადებაზე გავამახვილებთ. თითოეულთან ინდივიდუალურად ვიმუშავებთ. ერთი სიტყვით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია კონკრეტული სპორტსმენისთვის შედეგის მისაღებად“, — განაცხადა ცირეკიძემ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ კარგად იცნობს ყველა მოჭიდავეს და იცის, რომ თუ მათი შესაძლებლობების თუნდაც 80 პროცენტი იქნება გამოყენებული, შედეგები მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება.
ირაკლი ცირეკიძე ერთხელ უკვე მუშაობდა საქართველოს ძიუდოს ნაკრებში 2012 წელს, როდესაც მთავარი მწვრთნელი ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი იყო. ცირეკიძე მაშინ მწვრთნელთა შტაბში შედიოდა. შემდეგ წლებში კი მინდია ბოდაველთან ერთად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.
ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ძიუდოისტად მიიჩნევა. 2007 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ პეკინის ოლიმპიადაზე იმავე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.