თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. იები, მიხაკები და პრიმულები — შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბათუმის ბულვარის ძველ ნაწილს ათასობით ახალი ყვავილი დაამშვენებს, აღნიშნულია ქალაქის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
წლის ბოლომდე ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენლები ბულვარის ტერიტორიაზე, პარკში 80 ათას ყვავილს დარგავენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამისთვის 32 ათასი ლარი გამოყო.
„ყველანაირად ვეცდებით, რომ ბულვარი მოვლილი და ლამაზი არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ, ამ დეკორატიული ყვავილების დახმარებით, მთელი წლის განმავლობაში იყოს“, — განაცხადა აგრონომმა ნატო გამყრელიძემ.
მომდევნო საზაფხულო სეზონისთვის გამწვანების სამსახური ახალ ყვავილებს დარგავს, რადგან ეს ყვავილები ერთწლიანი მცენარეებია.