ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ახალი ძალებით დაბრუნებას აპირებს

გამოწერა
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა პოლიტიკიდან დროებით წასვლა, შეცდომების გაანალიზება და პარტიის რეორგანიზება გადაწყვიტა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია შემდეგი არჩევნებისთვის პარტიის განახლებას აპირებს.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 4,62% მოაგროვეს და, შესაბამისად, პარლამენტს მიღმა დარჩნენ. თავად ალასანია გორის რაიონში იყრიდა კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად. პირველი ტურის მონაცემებით, მას ხმა ამომრჩეველთა 19,38%-მა მისცა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, კომპეტენტური, პროფესიონალი ხალხის მიერ მომზადებული, რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ მოცემულობაში, იმ შედეგით, რომელიც დაიდო, ჩვენ ახლა ამის განხორციელების შესაძლებლობა არ გვექნება“, — განაცხადა ალასანიამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ახლა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა გააანალიზონ და გაიაზრონ, რატომ ვერ შეძლო პარტიამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა.

„ჩვენ გავაანალიზებთ ამ შედეგებს, თუ რა შედეგი დავდეთ და რატომ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ შევსულიყავით პარლამენტში. ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელსაც, პირველ რიგში, თვითკრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ სერიოზული რეორგანიზაცია, განახლება და დაგეგმვა ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი მონაწილეობისა“, — ხაზი გაუსვა თავდაცვის ექს-მინისტრმა.

ალასანია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 2017 წელს უნდა გაიმართოს, პარტია კარგ შედეგებს აჩვენებს.

ირაკლი ალასანიამ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნა და უარი განაცხადა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0