თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა 49 ერთმანდატიან ოლქშია მოსალოდნელი. ამაზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ხმების დათვლის წინასწარი შედეგები მეტყველებს.
საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. მათი არჩევა შერეული სისტემით ხდება. 77 დეპუტატი პროპორციული სისტემით ირჩევა, ხოლო 73 – მაჟორიტარული სისტემით.
პირველივე ტურში გამარჯვებისთვის დეპუტატობის კანდიდატმა უნდა მიიღოს 50%+1 ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური ინიშნება.
როგორც მოსალოდნელია, არჩევნების მეორე ტური გაიმართება თბილისში, ბათუმში და ქვეყნის რვა რეგიონში.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ამ დროისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხმათა 49,26%–ით ლიდერობს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26,46% აქვს.
პარლამენტში შესასვლელად 5%–იანი ბარიერი გადალახა ბლოკმა „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“.
პროპორციული სისტემით დათვლილია საარჩევნო უბნების 82,55%–ის მონაცემები.