თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ხმების დათვლის ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ ხმების 44,91%-ს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29,63% აგროვებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.
საკანონმდებლო ორგანოში ასევე გადიან ბლოკი „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ (6,08%) და ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი —საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (5,71%).
დანარჩენმა პარტიებმა და ბლოკებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა კენჭისყრის წინასწარი მონაცემები ყველა 347 საარჩევნო უბნიდან.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 პარტია და ოთხი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.
ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო პროპორციული სისტემით არჩეული 15 დეპუტატისაგან და ერთმანდატიან ოლქებში არჩეული 6 დეპუტატისაგან შედგება.
ბოლო მონაცემების თანახმად, მაჟორიტარულ არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. მოსალოდნელია კენჭისყრის მეორე ტური.
არჩევნები აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შაბათს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.