ტფილისური მონმარტრი, „ლუქსემბურგის ანფენტი“ და არწივიანი სახლის საიდუმლო

© Sputnik / Levan Avlabreliერასტ ჭავჭანიძის სახლი
ერასტ ჭავჭანიძის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „გასეირნება ტფილისში“ და ავტორი ეკატერინე მიქარიძე ცნობილი „არწივიანი სახლის“ სევდიან ისტორიას გიამბობთ.

ეკატერინე მიქარიძე

თითოეულ ჩვენგანს აქვს საყვარელი ადგილი მშობლიურ ქალაქში — უბანი, ქუჩა თუ ეზო; ადგილი, სადაც ქალაქის რიტმი უცნაურად ემთხვევა შენ საკუთარ ცხოვრებისეულ რიტმს. ჩემთვის ეს ძველი „პლეხანოვია“, როგორც საბჭოთა ეპოქაში ერქვა, დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი. უკვე 30 წელია, ქალაქის გარეუბანში ვცხოვრობ. იქ არც ისეთი იტალიური ეზოებია, როგორშიც დავიბადე, არც ისეთი მაღაზიები, დედა რომ მაგზავნიდა ხოლმე საყიდლებზე და არც სათამაშოების სამოთხე, რომლის ვიტრინების წინაც დამუნჯებულ-გაშეშებული ვიდექი ხოლმე და რომელშიც ბებიამ დასაქოქი დათუნია მიყიდა, ზარმაცად რომ მიირთმევდა კასრიდან თაფლს… არ არის ბევრი რამ, რაც ოდესღაც ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო და ახლა მხოლოდ მოგონებებსღაა შემორჩენილი.

© Sputnik / Denis Aslanovერასტ ჭავჭანიძის ოცნების სახლი აღმაშენებლის პროსპექტზე
ერასტ ჭავჭანიძის ოცნების სახლი აღმაშენებლის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
ერასტ ჭავჭანიძის ოცნების სახლი აღმაშენებლის პროსპექტზე

და, მაინც, რამდენჯერაც არ უნდა გავიარო საყვარელ უბანში, ყოველთვის საკუთარ ბავშვობას ვხვდები — ბავშვობას, რომელიც ჯგროდ დაეხეტებოდა ეზოებსა და ქუჩაბანდებში, მულტფილმების სანახავად „სობაჩი პერეულოკის“ კინოში იპარებოდა და იმ სკოლის ძველი შენობის კიბეებზე დაძვრებოდა, სადაც ახლა განათლების სამინისტროა…

რამდენი წელიც უნდა გავიდეს, როგორც უნდა შეიცვალოს პროსპექტი, ის ყოველთვის იქნება ჩემი, მშობლიური მოლეკულურ დონეზე. ამ უბანში მომხდარ ნებისმიერ მოვლენას ყოველთვის შევაფასებ მიკერძოებულად: უარყოფითს პირად შეურაცხყოფად მივიღებ, დადებითით — ვიამაყებ.

© Sputnik / Levan Avlabreliერასტ ჭავჭანიძის რესტავრირებული სახლის სახურავზე ძველებურად დაამაგრეს არწივი, რომელიც ვიღაცას მოეხსნა და სხვენში დაეგდო
ერასტ ჭავჭანიძის რესტავრირებული სახლის სახურავზე ძველებურად დაამაგრეს არწივი, რომელიც ვიღაცას მოეხსნა და სხვენში დაეგდო - Sputnik საქართველო
ერასტ ჭავჭანიძის რესტავრირებული სახლის სახურავზე ძველებურად დაამაგრეს არწივი, რომელიც ვიღაცას მოეხსნა და სხვენში დაეგდო

სიტყვას მოჰყვა და, მეტრო „მარჯანიშვილიდან“ ზაარბრიუკენის მოედნამდე (დღემდე რომ „ვორონცოვს“ ვეძახით) რესტავრირებული ტერიტორია ჩემში ლამის ბავშვურ აღფრთოვანებას იწვევს. აქაურობას მე ვუწოდებდი — მონმარტრს ქართული აქცენტით… არა, მონმარტრზე არასდროს მისეირნია, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ის სწორედ ასეთი უნდა იყოს: ევროპულად პეწიანი, კალმით ნახატი ქუჩები, მომცრო მაღაზიები, პატარა კაფეები… არცაა გასაკვირი —  ტფილისის ეს ნაწილი ხომ გერმანელებმა ააშენეს.

და სახლები?! გეგონება, ღატაკებმა ძონძები გაიძრეს, უძვირფასესი სამოსი გადაიცვეს და ამ დროს აღმოჩნდა, რომ კონკებში სამეფო გვარის პერსონები ყოფილან გახვეული. ყველაზე დიდებული ამ ნაგებობებს შორის მაინც არწივიანი სახლია — აი, ის, პირველი გილდიის ვაჭარმა ერასტ ჭავჭანიძემ რომ ააშენა.

© Sputnik / Levan Avlabreliერასტ ჭავჭანიძის პორტრეტი
ერასტ ჭავჭანიძის პორტრეტი  - Sputnik საქართველო
ერასტ ჭავჭანიძის პორტრეტი

სახლის ლუქსემბურგული „საიდუმლო“ 

1903 წელს აგებული სახლი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია პროსპექტზე. რესტავრაციამდე როგორი იყო, აღარავის ახსოვს, სამაგიეროდ ახლა საათობით შეიძლება ილაპარაკო მის სილამაზეზე.

სახლის საძირკველი გაამყარეს, გარედან ჩალისფერ-აგურისფრად შეღებეს, როგორც ამბობენ, თავის დროზე ფლორენციელი მხატვრების სადარბაზო მოხატულობები აღადგინეს, ხოლო სახლის სახურავზე ძველებურად დაამაგრეს არწივი. როდის, რომელ წელს და ვინ მოხსნა სახურავიდან ეს არწივი, არავინ იცის. შესაძლოა ფრინველთა მეფე რომელიღაც ბოლშევიკ ფუნქციონერს იმპერიის სიმბოლოდ მოეჩვენა და ამადაც მიუჩინა სხვენში ადგილი, სადაც მრავალი წელი გაატარა, სანამ ჩვენმა მხატვარ-რესტავრატორებმა არ იპოვეს და რელიკვია ადგილზე არ დააბრუნეს.

ეს რესტავრაციის პროცესში ერთადერთი აღმოჩენა არ არის. ისტორიკოსებმა, რაღა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ამ სამსართულიან კერძო სახლს საშემოსავლო ფუნქციაც ჰქონდა, მაგრამ ის, რომ მის პირველ სართულზე სავაჭრო დუქანი იყო განთავსებული და „ლუქსემბურგის ანფენტი“ ერქვა, ეს მხოლოდ აღდგენითი სამუშაოების დროს შეიტყვეს. მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ხელაძემ საღებავის სამი ფენის ქვეშ აბრა იპოვა და აღადგინა, როგორც დიდი ღირებულების მქონე.

© Sputnik / Levan Avlabreliერასტ ჭავჭანიძე მეუღლესთან, ნინოსთან ერთად
ერასტ ჭავჭანიძე მეუღლესთან, ნინოსთან ერთად - Sputnik საქართველო
ერასტ ჭავჭანიძე მეუღლესთან, ნინოსთან ერთად

გიორგი ხელაძე:

„იმდროინდელ ტფილისში ნებისმიერ შვილობილ საწარმოს ანფენტი ერქვა. სიტყვა ფრანგულია — „enfant“ და „ბავშვს“ ნიშნავს. დუქანში ბოლნისში დასახლებული გერმანელი კოლონისტების დაყენებული ღვინო იყიდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ერასტ ჭავჭანიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გერმანელ მეწარმეებთან, ვვარაუდობთ, რომ ღვინოს სწორედ იქიდან იღებდა. გასაბჭოებამდე ამ გერმანულ კოლონიას კატარინენფელდი ერქვა, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ლუქსემბურგი უწოდეს გერმანელი კომუნისტი ქალის საპატივსაცემოდ. ყველაფრიდან ჩანს, რომ წარწერა აბრაზე გასაბჭოების შემდეგაა გაკეთებული, ხოლო სიტყვა „კოლმეურნეობა“ უკვე კოლექტივიზაციის პერიოდშია გაჩენილი“.

გიორგი ამბობს, ჩემი ვარაუდი ვარაუდად დარჩებოდა, რომ არა ერასტ ჭავჭანიძის შვილიშვილის, ქალბატონი თამარ ჭავჭანიძის დასტურიო. ეს ქალბატონი ამავე სახლის მესამე სართულზე ცხოვრობს კომუნისტების მიერ ბაბუამისისთვის გამომეტებულ ოთახში. თუმცა, მისმა ვაჟმა შეძლო და ბოლო წლებში რამდენიმე ოთახი გამოისყიდა მეზობლებისგან.

© Sputnik / Levan Avlabreliრესტავრატორი მოხატულობის აღდგენის პროცესში
რესტავრატორი მოხატულობის აღდგენის პროცესში - Sputnik საქართველო
რესტავრატორი მოხატულობის აღდგენის პროცესში

წართმეული ოცნება

ერასტ ჭავჭანიძე იმერეთიდან მთლად ბავშვი ჩამოუყვანიათ მშობლებს ტფილისში. მამას ერთ-ერთ თონეში მიუბარებია შეგირდად. ბიჭისთვის თავიდან იქაურობის დასუფთავება მიუნდვიათ და ღამის გასათევიც იქვე, საყარაულოში გამოუყვიათ. ერთ ღამესაც, ეტყობა, ვიღაცას გაღვივებული ნაკვერჩხალი დარჩა ჩაუქრობელი და თონეში ხანძარი გაჩენილა. საქმეებით დაღლილ პატარა ერასტს კი ისე ღრმად სძინებია, რომ საერთოდ არაფერი გაუგია. კიდევ კარგი, მაშველი დროზე გამოჩენილა და ბავშვი გადაურჩენიათ.

გასულა ხანი და უკვე ყმაწვილ ერასტს გერმანელების საგალანტერეო მაღაზიაში დაუწყია მუშაობა და ისეთი „ფხა გამოუჩენია“, რომ ექვს თვეში გერმანულად ალაპარაკებულა. ჰოდა, გალანტერეის მეპატრონესაც, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ბიჭის შემდგომ ბედში, გერმანიაში გაუგზავნია განათლების მისაღებად.

© Sputnik / Levan Avlabreliკედლის მოხატულობა ერასტ ჭავჭანიძის სახლში
კედლის მოხატულობა ერასტ ჭავჭანიძის სახლში - Sputnik საქართველო
კედლის მოხატულობა ერასტ ჭავჭანიძის სახლში

ლაიფციგსა და დრეზდენში განათლებამიღებულმა, ევროპულ კულტურას ნაზიარებმა ერასტმა საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ლამაზი სახლის აშენება გადაწყვიტა — ევროპულ სტილში აგებულ დიდ სახლზე ოცნებობდა. ოღონდ უნაყოფოდ არა. ძალიან მიზანსწრაფული იყო, ხშირად ხმელა პურსა და წყალზეც გადაუვლია, რომ წამოწყებისთვის საკმარისი თანხა დაეგროვებინა.

მანუფაქტურული საქმე შეისწავლა, ტფილისში დაბრუნდა და მანთაშევის ქარვასლაში სავაჭრო სახლი გახსნა. გავლენიანი და საქმეში წარმატებული, მომხიბვლელი მამაკაცი დადგა. სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა, მაგრამ ცოლის მოყვანა მხოლოდ 32 წლისამ გადაწყვიტა. მისი რჩეული მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი, 18 წლის ნინო მაისურაძე-კოპაძისა გახდა. თავიდან ეს ქორწინება, შეიძლება, უფრო ანგარიშს ეფუძნებოდა, ვიდრე გრძნობას, მაგრამ მეუღლეებს თანდათან უზომოდ შეჰყვარებიათ ერთმანეთი. ამაზე მეტყველებს წერილები, რომლებსაც გერმანიაში ხშირად მყოფი ერასტი და საქართველოში დარჩენილი ნინო სწერდნენ ერთმანეთს და რომლებიც ოჯახში დღემდე ინახება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რელიკვია.

© Sputnik / Levan Avlabreliრესტავრატორების მიერ საგულდაგულოდ აღდგენილი სადარბაზოს მოხატულობა
რესტავრატორების მიერ საგულდაგულოდ აღდგენილი სადარბაზოს მოხატულობა  - Sputnik საქართველო
რესტავრატორების მიერ საგულდაგულოდ აღდგენილი სადარბაზოს მოხატულობა

მალე ქვეყანას ჭავჭანიძეების პირველი ვაჟი, მიხეილი მოევლინა — ქალბატონ თამარის მამა. მერე წყვილს კიდევ რამდენიმე ბიჭი შეეძინა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი, კონსტანტინე გადარჩა. ერასტსა და ნინოს ძალიან სდომებიათ ქალიშვილი და ეს ოცნება ახდენიათ კიდეც — ნინოს გოგონა გაუჩენია, მაგრამ დედაცა და შვილიც იმ წლებში მძვინვარე „ისპანკას“ შეუწირავს.

ერასტს მეუღლე პომპეზურად დაუკრძალავს. კონსტანტინე მემუარებში წერს, რომ დედამისისა და მისი პაწაწა დაიკოს ცხედარი საგვარეულო სამარხამდე ოთხ თეთრცხენშებმული კატაფალკით მიუსვენებიათ.
ერასტს მძიმედ გადაუტანია მეუღლის გარდაცვალება და მეტად აღარც დაქორწინებულა. თავად მთლიანად საქმეებში ჩაფლულა, ბავშვებზე ზრუნვა კი ნინოს დედას აუღია თავზე, რომელსაც ბრწყინვალე განათლება მიუცია შვილიშვილებისთვის. ბებიამ ბიჭებს საუკეთესო გუვერნანტები მიუჩინა, რომლებმაც ბავშვების ყოველმხრივ განათლებაზეც იზრუნეს და იმაზეც, რომ სრულწლოვანებას მიღწეულებს თავისუფლად ელაპარაკათ რამდენიმე ენაზე.

© Sputnik / Levan Avlabreliერასტ ჭავჭანიძის სახლის სადარბაზოს ჭერის მოხატულობა, შესრულებული ფლორენციელი მხატვრების მიერ
ერასტ ჭავჭანიძის სახლის სადარბაზოს ჭერის მოხატულობა, შესრულებული ფლორენციელი მხატვრების მიერ - Sputnik საქართველო
ერასტ ჭავჭანიძის სახლის სადარბაზოს ჭერის მოხატულობა, შესრულებული ფლორენციელი მხატვრების მიერ

მწარე აღმოჩნდა წარმატებული მეწარმისა და მეცენატის ბედი. ყველაფერი დაკარგა: საყვარელი მეუღლე, საქმე, სახლი; სახლი, რომელსაც 20 წელი აშენებდა, თანაც, ბანკიდან აღებული სესხით…

ბედის ირონიით, სესხის ბოლო თანხის გადახდიდან სამ დღეში ბოლშევიკებმა ერასტ ჭავჭანიძეს სახლი ჩამოართვეს, აქაოდა, შენ ამის შენახვა არ შეგიძლია, აგერ, სახურავი გადასაღებიაო. ასე აღმოჩნდა ერასტი ოჯახთან ერთად თავისი ოცნების სახლის ერთ ოთახში შეყუჟული. რას განიცდიდა, ამის სიტყვით აღწერა, ალბათ, შეუძლებელია.

შვილების თქმით, უსაქმოდ დარჩენილი, მკაცრი, მაგრამ ავადმყოფურად წესიერი და სამართლიანი მამა ახლა მარმარილოს მაგიდას უჯდა, პასიანსს შლიდა და ფილოსოფიურად მსჯელობდა: რახან ცოცხლები გადავრჩით, ესე იგი, ვალდებულები ვართ, ამ საერთო ჭირს გავუმკლავდეთო…

თავად ბოლომდე ვერ გაუმკლავდა — 60 წლისა იყო, რომ გარდაიცვალა.

© Sputnik / Levan Avlabreliკიდევ ერთი მოხატულობა ერასტ ჭავჭანიძის სახლის სადარბაზოს კედელზე
კიდევ ერთი მოხატულობა ერასტ ჭავჭანიძის სახლის სადარბაზოს კედელზე  - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი მოხატულობა ერასტ ჭავჭანიძის სახლის სადარბაზოს კედელზე

ოპტიმიზმის გენეტიკური კოდი

ოდესღაც ერასტ ჭავჭანიძის კუთვნილი სახლის ეზოში შევდივართ. ქალბატონი თამარი აივანზე გვეგებება და იმ ოთახისკენ მიგვიძღვის, რომელშიც ოდესღაც გავლენიანმა ვაჭარმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. წიგნების თაროები, კედლის სურათები, როიალი და თავად პირველი გილდიის ვაჭრის ფოტო.

თამარი ბაბუის გარდაცვალების წელს დაბადებულა — 1938-ში. ამბობს, ორმოც წლამდე ბაბუის წარმომავლობასა და ცხოვრებაზე არც დავფიქრებულვარო.

თამარ ჭავჭანიძე:

„რაც წლები მომემატა, მას მერეღა დავფიქრდი, როგორი მტკივნეული და რთული უნდა ყოფილიყო ერასტისთვის ცხოვრება. მასთან ბევრი საერთო აღმოვაჩინე. მეც მასავით მტკივნეულად განვიცდი უსამართლობას, მისგან გენეტიკურად მომყვება სიკეთე და ოპტიმიზმი. ჩვენ ოჯახში სირთულეებს ყოველთვის იუმორით ვხვდებოდით და გვჯეროდა, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო. როცა ოჯახში ერთადერთ საკვებად ლობიო დაგვირჩა, მაგიდასთან ვსხდებოდით, ერთმანეთს ბაბუასთვის გერმანელი პარტნიორების მიერ ქორწილზე ნაჩუქარი ორმოცკაციანი სერვიზის საწვნეში ჩასხმულ ლობიოს ვთავაზობდით და ვეუბნებოდით, „დღეს საცივი განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდა“.

© Sputnik / Levan Avlabreliთამარ ჭავჭანიძე: „როცა კიბის მოაჯირიდან მტვერს ვწმენდ ხოლმე, ასე მგონია, ბაბუა მადლობას მიხდის... რაღაცნაირად ვგრძნობ მის აქ ყოფნას“
თამარ ჭავჭანიძე: „როცა კიბის მოაჯირიდან მტვერს ვწმენდ ხოლმე, ასე მგონია, ბაბუა მადლობას მიხდის... რაღაცნაირად ვგრძნობ მის აქ ყოფნას“  - Sputnik საქართველო
თამარ ჭავჭანიძე: „როცა კიბის მოაჯირიდან მტვერს ვწმენდ ხოლმე, ასე მგონია, ბაბუა მადლობას მიხდის... რაღაცნაირად ვგრძნობ მის აქ ყოფნას“

ქალბატონ თამარის მამა, მიხეილ ჭავჭანიძე ცნობილი ქირურგ-პედიატრი იყო, რომელსაც საღამოობით როიალთან დაჯდომა და ბრამსის, რახმანინოვის, შოპენის შესრულება უყვარდა. ჩვენი მასპინძელი იხსენებს:

„ერთ საღამოსაც დედა ოთახში შევიდა. მამა როიალს უჯდა და თავდავიწყებით უკრავდა. დედამ ხელები გაასავსავა და ეუბნება, მიშა, ჭერიდან წყალი ჩამოდის, როაილს ესხმება, შენ კი საერთოდ ვერ ამჩნევო. მამა ადგა, ქოლგა გაშალა, როიალზე დადო და დაკვრა განაგრძო“, — იხსენებს თამარ ჭავჭანიძე.

მერე სხვა ეპიზოდიც გვიამბო. ომის დროს ოჯახს ძალიან უჭირდა და მიხეილი, რომელიც რამდენიმე ენას ფლობდა, რუსულის მასწავლებლობით შოულობდა ფულს. მეზობელს ამეცადინებდა, რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან, მისთვის მათხოვარი რომ არ ეწოდებინა. მიხეილი ამას ყურადღებას არ აქცევდა, სხვა მეზობლებს კი კარგად შეურცხვენიათ მისი აუგი მოსწავლე…

უკვე კიბეებზე ვიყავით, როცა ჩვენ გასაცილებლად გამოსულმა ქალბატონმა თამარმა ისე, სასხვათაშორისოდ გვითხრა:

„იცით, როცა კიბის მოაჯირიდან მტვერს ვწმენდ ხოლმე, ასე მგონია, ბაბუა მადლობას მიხდის… რაღაცნაირად ვგრძნობ მის აქ ყოფნას“.

ყველა ახალი ამბავი
0