თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 6 ოქტომბერს ჰავრში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 1:5 დამარცხდა, იტყობინება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო.
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკვე დაასრულა — 10 შეხვედრაში მოპოვებული 13 ქულით გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა, ფრანგებთან მატჩით კი ნაკრებმა მომდევნო ევროპის პირველობისთვის მზადება დაიწყო.
მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ფრანგი მიმომხილველების თქმით, საქართველოს ნაკრების მეკარის ლაზარე კუპატაძის კარგი თამაში რომ არა, პიერ მანკოვსკის გუნდი უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით მოიგებდა.
გეგუჩაძის გუნდმა ერთადერთი საპასუხო ბურთი 69-ე წუთზე გაიტანა: ირაკლი კომახიძის პასით გიორგი ხარაიშვილმა ანგარიში 1:3 გახადა. კომახიძე ქობულეთის შუქურას მცველი გახლავთ, ხარაიშვილი კი თბილისის საბურთალოს ნახევარმცველია.