თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია 2012 წელთან შედარებით თავისუფალია, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებს მონაწილეობას.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი 8 ივნისს აიღო.
„წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ჩვენ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში შევაფასეთ, 2012 წელთან შედარებით, თავისუფლების ხარისხით საგრძნობლად გამოირჩეოდა… პრობლემები, რა თქმა უნდა, იყო. მომავალში ჩვენ უკეთესად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისუფლებისა და სიმშვიდის უფრო მაღალი ხარისხი ვაჩვენოთ“, — განაცხადა წულუკიანმა.
უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალურად წინასაარჩევნოდ იქმნება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროების, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
კომისიის მთავარი ამოცანაა წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.
უწყებათაშორისი კომისია 2013 წელს საპრეზიდენტო, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ხოლო 2015 წელს შუალედური არჩევნების დროსაც ფუნქციონირებდა.