ქართველი ქორეოგრაფის გერმანიაში დაარსებული კომპანია "სოსანი არტზონა"

© FB/thea.sosaniთეა სოსანი
თეა სოსანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოქმედებითი და ინოვაციური პიროვნებაა, ამიტომ მისი ყოველი ახალი პროექტი მართლაც ერთგვარი ექსპერიმენტია. ცხოვრებაშიც ასეა: მისი ბუნებრივი ნიჭი ყოველ ჯერზე განსხვავებული ფორმით და მოულოდნელად ვლინდება. თეა მამუკელაშვილი გერმანიაში შემოქმედებითი ფსევდონიმით - თეა სოსანითაა ცნობილი.

მის მიერ დაარსებული თეატრალური კომპანია "სოსანი არტზონა" — ცეკვის, თეატრისა და პერფორმანსის საერთაშორისო ორგანიზაციაა და ინოვაციურ თეატრალურ პროექტებზე მუშაობს. სამომავლოდ განზრახული აქვს, რომ ყოველ ახალ პროექტში თითო ნიჭიერი ქართველი მიიწვიოს. ხელოვანის განსხვავებული შემოქმედებითი ხედვა მის მიერ შექმნილი ნახატებიდან და გადაღებული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს… 

-ქალბატონო თეა, თქვენ დიდი ხანია, რაც ცხოვრობთ გერმანიაში, სადაც დააარსეთ საკუთარი თეატრალური კომპანია, რომელიც დღეს წარმატებულია.  

— 2013 წელს მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით თეატრალური კომპანია "სოსანი არტზონა"-ესაა ცეკვის, თეატრისა და პერფორმანსის საერთაშორისო ორგანიზაცია. „არტზონა“ სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება: პროფესიონალი მოცეკვავეებით დაკომპლექტებული სტაბილური დასი „სოსანი-ცეკვის თეატრი“-თანამედროვე ცეკვის, პერფორმანსის და ხელოვნების სტუდია დაპროექტების ზონა. კომპანია მიზნად ისახავს განსხვავებული სათეატრო ფორმებით ექსპერიმენტალური პროექტების შექმნას. ვცდილობთ დროის მოთხოვნებს არ ჩამოვრჩეთ. სპექტაკლები იქნება, პროექტები თუ სასწავლო პროგრამა, ყველაფერი ინოვაციური და აქტუალური იყოს. ასევე ვცდილობთ, რომ ჩვენი პერფორმანსები არა მხოლოდ სცენაზე, არამედ რაც შეიძლება, განსხვავებულ სივრცეშიც წარმოვადგინოთ.

© FB/thea.sosaniსოსანი არტზონა
სოსანი არტზონა - Sputnik საქართველო
სოსანი არტზონა

- თქვენს მიერ დაარსებული თეატრი სცენაზე განსხვავებული ცეკვის მანერითა და თავისებური სტილით გამოირჩევა, თუ შეიძლება, მკითხველს განუმარტეთ, კონკრეტულად რაში გამოიხატება ამგვარი თავისებურება?

— ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენები ერთმანეთს არ ჰგავდეს. ახალ პროექტზე მუშაობის დროს მოძრაობის ახალ ფორმებს ვეძებ. სამსახიობო ხელოვნებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. სპექტაკლის სათქმელი (იდეა) მოძრაობასთან უნდა იყოს შერწყმული. მაყურებლისთვის გასაგები, საინტერესო და ახალი უნდა იყოს. ამასთან ექსპრესიული, დინამიური, თემატიკის მხრივ აქტუალური და იუმორით სავსე. ეს ის თავისებურებებია, რაც ჩვენს წარმოდგენებს მუდმივად ახლავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ცოტა მეტია, ვიდრე მხოლოდ ქორეოგრაფია, მისთვის დამახასიათებელი ხელწერით. 

- როგორი იყო საქართველოში გავლილი გზა  და როგორი გაგხადათ მან?

— საქართველოში ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე. ექსპერიმენტების მიმართ ლტოლვამ და სხვადასხვა არტის ერთმანეთში შერწყმამ განსხვავებული სფეროების გაცნობის საშუალება მომცა. ახლა მახსენდება რაიმე ახლის დაწყების როგორ მეშინოდა ხოლმე. შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის ჰაერივით მჭირდებოდა. მაინტერესებდა-შევძლებდი თუ არა ნაფიქრის რეალიზებას, ამან გარკვეული ხასიათიც ჩამომიყალიბა დადღეს უფრო თამამი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი. უფრო მეტად ვენდობი საკუთარ თავს…

© FB/thea.sosaniავტორი: თეა სოსანი
ავტორი: თეა სოსანი - Sputnik საქართველო
ავტორი: თეა სოსანი

-რამდენადაც ვიცი, თქვენი კომპანიის მიზანია სხვადასხვა პროექტებში ქართველი ხელოვანების ჩართვა? 

— ჩვენი თეატრის მიმართ ინტერესი იზრდება. უკვე ბევრ მოცეკვავეს აქვს ჩვენთან მუშაობის სურვილი, რაზეც ბოლო პერიოდში ჩემს ვორქშოფებზე დასწრებაც მეტყველებს. პერფორმანსები და სპექტაკლები ქორეოგრაფიაზეა აგებული, მაგრამ ვცდილობ, რომ არტისტები სხვადასხვა სფეროდანაც ჩავრთო. რადგან ყოველი პროექტი ექსპერიმენტალურ ხასიათს ატარებს. თავს არ ვიზღუდავ დაყველანაირი სიახლისთვის, რაც ჩემს ცეკვას მოუხდება- მზად ვარ. ადამიანები როგორც ყოველთვის ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ სირთულეების მიუხედავად ყოველი წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც ვახერხებთ. ივლისში პრემიერა გვქონდა, ჩვენი სპექტაკლისთვის ქართველი ბალეტის მოცეკვავე, ნათია ბუნტური მოვიწვიე. მიხაროდა, რომ ამგვარი საშუალება მომეცა. მან განსაკუთრებული ენერგია შემატა დასს და სცენაზე ორიგინალური გმირიც შექმნა. მოკლედ კარგად ავეწყვეთ. სამომავლოდ ვფიქრობ ყოველ ახალ პროექტში ერთი ქართველი მაინც მოვიწვიო, ზოგ შემთხვევაში მხატვარი, ზოგჯერ ფოტოხელოვანი და ა.შ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვორქშოფებს საქართველოშიც ვგეგმავ. სურვილი მაქვს, რომ ქართველი მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით კიდევ ერთხელ წარვსდგეთ. შეგახსნებთ, რომ შარშან თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მარჯანიშვილში პრემიერა "გაქვავებული" ვითამაშეთ. 

-გერმანიის ოფიციალური კულტურული წრეებიდან თქვენი საქმიანობით დაინტერესება თუ შეიმჩნევა?

— სხვათაშორის ქალაქ რეგენსბურგის მერი ჩვენს ყველა პრემიერას ესწრება ხოლმე. კულტურის სამინისტრო კი ცეკვის ხელოვნების განვითარებით დაინტერესებულია. ბოლო პროექტი მათი და ბავარიის თანამედროვე ცეკვის განვითარების ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა. რეგენსბურგის კულტურის წარმომადგენლებთანაც მჭიდრო კავშირში გვაქვს და თანამედროვე ცეკვის ფესტივალის მუდმივი მონაწილეებიც ვართ. 

-ქალბატონო თეა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული- ქართული და გერმანული ენერგია, ტემპერამენტი, რიტმი და ხასიათი- როგორ ახერხებთ მათ შეთავსებას სცენასა და ცხოვრებაში? 

— ძალიან საინტერესოა სხვადასხვა მენტალიტეტის, ტრადიციების და ენერგიის მქონე ადამიანების ურთიერთობებზე დაკვირვება. მთავარია ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნო. გერმანელები ძალიან ინტერესდებიან უცხო ქვეყნების კულტურით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამან იქ საკუთარი თავის წარდგენა გამიადვილა. მეც ვინაიდან აქ დავფუძნდი, ვცდილობ, გავიგო რა განსხვავებააჩემსა და გერმანელებს შორის. ამ დროის მანძილზე ბევრი მსგავსებაც აღმომიჩენია და განსხვავებაც. არსებობს დამახასიათებელი, ტიპიური გერმანული თვისებები, რომლებისაც კეთილი შურით მშურს. ისინი კი თავის მხრივ ჩემში ხედავენ იმ თვისებებს, რომლებიც ხიბლავთ. ასე ვიზიდავთ, ვეცნობით ერთმანეთს, პატივს ვცემთ და გვიყვარდება ერთმანეთი. როცა ესეთი ფონია, საქმის კეთებაც და ცხოვრებაც პროგრესულია. განსხვავებას რეაქციებში ვხედავ. შესამჩნევია ერთნაირ სიტუაციებში როგორ რეაგირებს ქართველი და როგორ გერმანელი. ქართველისთვის (ხშირ შემთხვევაში) მთავარია: საკუთარი აზრი, განწყობა, დამოკიდებულება, სიხარული თუ უკმაყოფილება ეგრევე ემოციურად გამოხატოს, გერმანელი მეტად თავშეკავებულია და მშვიდი. ჩემს გერმანელ კოლეგებს და მეგობრებს ხშირად აღუნიშნავთ, რომ იზიდავთ: ჩემი ტემპერამენტი, საქმისადმი „ვნების ხმამაღლა" გამოხატვა და ენერგიული მიხვრა-მოხვრა… 

-ქორეოგრაფიის გარდა თქვენი ნიჭი სხვა კუთხითაც განვითარდა: არაჩვეულებრივად ხატავთ და საოცარ ფოტოებს იღებთ…

— ეს ჩემი ჰობია, ხატვა, კოლაჟი და ფოტოგრაფია-ჩემი ჰობია. ხატვა ყოველთვის მიყვარდა, ჩემთვის კოსტუმებსა და ქორეოგრაფიულ მონახაზებს ვხატავდი. გერმანიაში სახლის კედლებზე ჩემი ნახატები დავკიდე. ერთხელაც ერთ-ერთი სტუმარი ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდა. დამაკავშირა ქალთან, რომელსაც ქალაქ ფულდაში საკუთარი გალერეა აქვს და პირველი გამოფენა იქ მქონდა. მერე ჩემი ნახატების მყიდველებიც გამოჩნდნენ. შემდეგ მოვაწყვე პერსონალური გამოფენა,  სადაც 55 ნამუშევარი გამოვფინე. მას შემდეგ გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გამოფენები პერიოდულად მაქვს. ყოველი გამოფენის გახსნას ჩვენი თეატრის ცეკვის პერფორმანსით ვხსნით და ჩვენი წარმოდგენაც რა თქმა უნდა გამოფენილი ნახატების თემას შეესაბამება. ასე რომ, თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ხატვის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ამას სისტემატიური სახეარა აქვს. უცებ მომივლის ხოლმე და მერე რამდენიმე დღე გაუჩერებლად ვხატავ…

© FB/thea.sosaniავტორი:თეა სოსანი
ავტორი:თეა სოსანი - Sputnik საქართველო
ავტორი:თეა სოსანი

-და ბოლოს, რა ხდება, როცა ქართველი დიასახლისი გერმანულ სამზარეულოში ტრიალებს?

— სუფრა და გემრიელი ქეიფი საქართველოში, მშობლების სახლში მომწონს. ჩვენთან მეგობრების თავშეყრა როგორც თბილისში, ასევე აქ ძირითადად ერთმანეთისთვის კარგი განწყობის შექმნაში გამოიხატება, ან მუსიკის მოსმენით, ფილმის ან სპექტაკლის ნახვით, სამომავლო გეგმების განხილვით დაერთმანეთის ამბების მოსმენით გამოიხატება. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ახლავს- მწვადი, ბავარიული სოსისი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ბავარიული ლუდი და ქართული ღვინო, მაგრამ იმდენს ვლაპარაკობთ დავიცინით, რომ ალკოჰოლიანი სასმელი ცოტა რაოდენობით ისმევა. ჩვენს ოჯახში როგორც ჩვენი ნაცნობ —მეგობრების, ასევე ჩვენი შვილის მეგობრების მუდმივი სტუმრიანობაა. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ამას ბავშვობიდან ვარ შეჩვეული. როცა ჩემთან დედაა სტუმრად მაშინ ტრადიციული კერძები გვაქვს. მათი დამზადება მე დიდად არ მეხერხება. სამზარეულოში ფუსფუსი კი მიყვარს, მაშინ როცა არ ვარ დაღლილი და დროც მაქვს. ოჯახში შაბათ-კვირის საუზმე გვიყვარს. მოკლედ ასეთია ჩემი ქართულ-გერმანული ცხოვრება…

 

ყველა ახალი ამბავი
0