თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში ავღანეთში განთავსებული სამშვიდობო ძალების ქართველი სამხედროები იწყებენ. ცესკოს ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამისა და მაზარი შარიფის უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნები პროპორციული წესით 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე გაიმართება.
ავღანეთში კენჭისყრაში მონაწილეობას საქართველოს 1604 მოქალაქე მიიღებს. მათ საშუალება ექნებათ ხმა მისცენ მხოლოდ პროპორციული წესით — მათთვის სასურველ საარჩევნო ბლოკს ან პარტიას. მაჟორიტარულ დეპუტატებს მხოლოდ საქართველოში აირჩევენ.
ავღანეთიდან ბიულეტენებიან დალუქულ ურნებს საქართველოში ჩამოიტანენ და მხოლოდ 8 ოქტომბერს 20:00 საათის შემდეგ გახსნიან. სწორედ მაშინ დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობს 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.
არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია 3703 საარჩევნო უბანს გახსნის. მათგან 526 ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.