თბილისში ღვინის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოეს

© photo: Company "Badagoni"/ FBქართული ღვინო "ბადაგონი"
ქართული ღვინო ბადაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ღვინის კვირეული 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში გაიმართა გამოფენა-დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კონკურსები.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ღვინის კვირეული ღვინის მესამე ეროვნული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდა. ღვინის კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ სომელიეთა ასოციაცია და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ღვინის მესამე ეროვნული კონკურსის 15 ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური დიპლომები გადასცეს.

კერძოდ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა სია ასეთია:

საუკეთესო ცქრიალა ღვინო — კომპანია „ბადაგონი“ 

საუკეთესო თეთრი მშრალი — კომპანია „კახური ღვინის მარანი“

საუკეთესო წინანდალი — კომპანია „ვაინმენი“

საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო — კომპანია „ვიტა ვინეა“

საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი — კომპანია „ვინი ვერია“

საუკეთესო ვარდისფერი ღვინო — კომპანია „თბილღვინო“

საუკეთესო საფერავი — კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“

პრემიალური საფერავი — კომპანია „კახეთი კომპანი“

საუკეთესო მუკუზანი — კორპორაცია „ქინძმარაული“

საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი — კომპანია „GWS ვისმინო“

საუკეთესო უსახელაური — კომპანია „უსახელაურის ვენახები“

საუკეთესო ქინძმარაული — კომპანია „თელიანი ველი“

საუკეთესი ქვევრის წითელი მშრალი ღვინო — კომპანია „კორტავების მარანი“

საუკეთესო ხვანჭკარა — კომპანია „თელავის ღვინის მარანი“

საუკეთესო ჭაჭა — კომპანია „რირავო“

„სასიამოვნოა, რომ ღვინის კვირეული ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. მისასალმებელია, რომ ინტერესი ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის მიმართ დღითიდღე იზრდება“, — აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის კვირეული 22 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნით დაიწყო და 2 ოქტომბერს თბილისში, რიყის პარკში სახალხო სეირნობით დასრულდა.

ღონისძიებაში ღვინის მწარმოებელი დაახლოებით 30 ქართული კომპანია მონაწილეობდა. სტუმრებს შეეძლოთ ქართული ღვინისა და ყველის, ხილისა და სხვადასხვა ნუგბარის დაგემოვნება.

კვირეულის ორგანიზატორი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო პარტნიორები – ქართული ღვინის ასოციაცია, სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

საქართველომ 2016 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 28,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი მოახდინა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 42%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველომ 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 46 ქვეყანაში გაგზავნა, რაც 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 16%-ით ჭარბობს.

ყველა ახალი ამბავი
0