საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიაში პირველი ვარჯიში გამართა

© Сайт ФФГფეხბურთელები ვარჯიშზე
ფეხბურთელები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს ირლანდიისა (6 ოქტომბერს) და უელსის (9 ოქტომბერს) წინააღმდეგ.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ დუბლინში პირველი ვარჯიში ჩაატარა, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოთელვა ადგილობრივი კლუბის „მალაჰაიდ იუნაიტედის“ სტადიონზე არასრული შემადგენლობით გამართა. გიორგი მაკარიძე, საბა კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ნაკრებს სამშაბათს შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული სიის 26-ვე ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაშია და ტრავმა არავის აწუხებს. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესარჩევ მატჩებში საკუთარ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ოთარ მარცვალაძე.

„ირლანდიის ნაკრები უპირატესობას მეტწილად ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებს. არის სტაბილური ნაკრები ევროპაში, თამაშობს კარგ ფეხბურთს. რამდენჯერმე ვეთამაშეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ დადებითი შედეგი არ გვქონია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ მატჩით მოვახერხებთ დადებითი შედეგის მიღწევას, რადგან, ვფიქრობ, ეს შეგვიძლია. თუ იგივე თამაში ვაჩვენეთ, რაც ავსტრიასთან მატჩის მეორე ტაიმში ვითამაშეთ, შეგვიძლია კარგი შედეგი ვაჩვენოთ“, — აღნიშნა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა და ჰოლანდიის „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის 6 ოქტომბერს დუბლინში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ამ თამაშიდან სამ დღეში კი, 9 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შესარჩევი ციკლის პირველ თამაშში საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან წააგო ანგარიშით 1:2, ხოლო ირლანდიამ მატჩი სერბეთთან ფრედ — 2:2 დაამთავრა.

ყველა ახალი ამბავი
0