პოლონური თეატრი „თხის სიმღერა“ თბილისში ჩეხოვს წარმოადგენს

გამოწერა
ანტონ ჩეხოვის პიესა „ალუბლის ბაღის“ მოტივებზე დადგმული სპექტაკლი პოლონელი მსახიობების შესრულებით მიუზიკლ-ინსცენირებას წარმოადგენს, სადაც დრამატული დიალოგების ნაცვლად სიმღერები ჟღერს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პოლონური თეატრი „თხის სიმღერა“ ქართულ სცენაზე 4 და 5 ოქტომბერს ანტონ ჩეხოვის პიესის მიხედვით დადგმულ „ალუბლის ბაღის პორტრეტებს“ წარმოადგენს.

სპექტაკლი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

„ალუბლის ბაღის პორტრეტები“ თავისუფალი მიუზიკლი-ინსცენირებაა, რომელშიც ჩეხოვის ღრმა დრამატული ტექსტის ნაცვლად კომპოზიტორების გაი პირსონისა ((Guy Pearson) და მაჩიეი რიხლის (Maciej Rychły) მუსიკაზე შექმნილი სიმღერები აჟღერდება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია პოლონელი რეჟისორი გჟეგოჟ ბრალი.

„რეჟისორმა თითოეული პერსონაჟისთვის შექმნა ისტორია, რომელიც გამოხატულია მისთვის დამახასიათებელი ჟესტებით, მოძრაობითა და ცეკვით, რომელსაც გამუდმებით თან სდევს მუსიკალური პარტიტურა; ურთიერთობები და მოქმედება ამ ფონზე იკვეთება. პერსონაჟების ხასიათს ასევე განსაზღვრავს ოსიპ მანდელშტამისა და ანა ახმატოვას ლირიკული პოეზია, რომელთა გამოყენებითაც რეჟისორი გამორჩეულ „მუსიკალურ ლექსებს“ ქმნის“, — ნათქვამია დადგმის ანონსში.

სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი.

თეატრი „თხის სიმღერა“ 1996 წელს ვროცლავში დაარსდა და მალევე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური თეატრის სახელი დაიმკვიდრა.

ყველა ახალი ამბავი
0