ლევ ტოგოსის ფოტო-ლექსები და „ტკივილით შექმნილი კეთილგანწყობა“

© Leon Toggosლევ ტოგოსი
ლევ ტოგოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან ტუღუში, იგივე ლევ ტოგოსი (Leon Toggos) – რეჟისორი, ანიმატორი და ფოტოხელოვანი. პიროვნება, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის საინტერესოა. ის მუდამ ახლის ძიებაშია, ურთიერთობაში პირდაპირია და ვერ იტანს ფარისევლობასა და სიყალბეს. მისი ახალი ანიმაციური ფილმი, რომელზეც ის ამჟამად მუშაობს, სწორედ ამაზეა.

გარდა ამისა, მან ფოტო-ლექსების, ანუ საკუთარ ლექსებზე საკუთარივე ფოტოებით გაფორმებული ვიდეო-რგოლების დამზადება დაიწყო და საკუთარ სათქმელს ამ ფორმითაც გამოხატავს. 

– ლევან, რამდენადაც ვიცი, ანიმაციით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდით… 

— ყველაფერი წლების წინ, საბავშვო სტუდიაში მისვლით დაიწყო. ბატონები მერაბ სალარიძე, ბონდო შოშიტაიშვილი, ამირან ისიანი და შადიმან ჭავჭავაძე ის ადამიანები არიან, ვინც ქართული ანიმაციის სათავეებთან იდგნენ. ჩემზე გავლენა მათ ბავშვობიდანვე იქონიეს და კინემატოგრაფიითაც მათი წყალობით დავინტერესდი. საწყენია, რომ ხალხმა ანიმაციური ფილმების ავტორები არ იცის, მაგალითად, ცნობილი მულტფილმი „სიზმარა“ ყველას გვახსოვს, მაგრამ მისი რეჟისორი რომ მერაბ სალარიძეა, ეს, არა მგონია, ბევრმა იცოდეს. 

– თქვენი პირველი ანიმაციური ფილმი Thend მაყურებელმა ნიქოზის ფესტივალზე იხილა. ახალ ფილმზე რას იტყვით?

— ის, რასაც დღეს ვაკეთებ, კლასიკური ანიმაციაა. ადრე, მოგეხსენებათ, კომპიუტერული გრაფიკის არარსებობის გამო ყველაფერი ხელით კეთდებოდა. ანიმაციის ეს მთლიანი ჯაჭვი პირადად მაქვს გამოცდილი და ეს ძალიან სასიამოვნო, თუმცა შრომატევადი პროცესია. ახალი ტექნოლოგიის დამსახურებით ანიმაციის კეთება დღეს გაცილებით ადვილია და საამისოდ არც ისე დიდი დროა საჭირო. დღეს შემიძლია სახლში გადავიღო მულტფილმი, კომპიუტერზე ავაწყო და ინტერნეტში ავტვირთო, რომ მაყურებელმა იხილოს. რაც შეეხება იმას, თუ რაზეა ჩემი ფილმი, რა თქმა უნდა, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ურთიერთობებზე… ადამიანები ერთმანეთს ცხოვრებას ცხოვრებისეული აბსურდებით ვურთულებთ, არადა, სიყვარულით იცხოვრო — ეს ხომ გაცილებით ადვილია, ვიდრე ბოროტებითა და შურით? სწორედ ესაა ჩემი ანიმაციური ფილმის მთელი არსი: გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის გრძნობებს. ერთ რამეზე მწყდება გული და არ შემიძლია, არ აღვნიშნო: საქართველოში არის ანიმაციური ფესტივალები, რომლებსაც ტენდენციურობას ვამჩნევ. ადამიანი შეიძლება ანიმაციას აკეთებდეს, მაგრამ ის, ასე ვთქვათ, „ჩემი ხალხის“ პრინციპით მუშაობს. ასეთი დამოკიდებულება ძალიან გულსატკენია და საქმესაც აზარალებს. 

– თქვენი ფოტო-ნამუშევრები ყოველთვის განსაკუთრებული ესთეტიკითა და სილამაზით გამოირჩევა, ამჟამად მათი გამოყენება პოეზიის კუთხით დაიწყეთ…  

— დიახ, აქტიურად ვარ დაკავებული ფოტო-ლექსების დამზადებით. ჩემ საავტორო ფოტოებზე საკუთარი ლექსებია გამოსახული, რომელსაც მე თავად ვკითხულობ. ბოლოდროინდელ ლექსებს ჩემივე კადრებს ვარგებ.

— ამ ფორმით ისინი ერთმანეთს ავსებენ?

— სიმართლე გითხრათ, ამ ვიდეოებში ცოტა ასინქრონია, კარგად უნდა ჩაუღრმავდე, რომ გაიგო. ასე სწორხაზოვნად მარტივად აღსაქმელი არ არის, თუმცა, გააჩნია, ვინ როგორ გაიგებს…

© Leon Toggosლევ ტოგოსი
ლევ ტოგოსი - Sputnik საქართველო
ლევ ტოგოსი

– და ხალხი როგორ იგებს?

— სხვადასხვაგვარად, იმიტომ, რომ მათი სიუჟეტურად გაკეთება მინდოდა. დაახლოებით ისე, როგორც ფილმს აქვს სიუჟეტი, ლექსსაც ასევე მინდა, რაიმე თემა გაჰყოლოდა, ოღონდ მხატვრულ-ფოტო ვარიანტში, მაგრამ ამას ისეთი რესურსი უნდა, რომ თითქმის ერთი ფილმის გადაღებას უდრის. ამიტომ ისე მაინც ვერ განვახორციელე, როგორც მინდოდა. 

ქართველი ფოტოხელოვანი, რომელიც სიყვარულზე ანიმაციურ ფილმს იღებს

– ადამიანურ ურთიერთობაში ყოველთვის გაწუხებთ სიყალბე და ხელოვნურობა და სოციალურ ქსელებში საკუთარ პოზიციას ყოველთვის შეუფარავად გამოთქვამთ…

— როდესაც ადამიანებს ვაკვირდები, მათ ქცევაში ბევრი რამ მიკვირს და ზოგჯერ აღმაშფოთებს კიდეც. ალბათ უკვე კანონზომიერი გახდა ის, რომ შესაძლოა, სრულიად უცხო ადამიანი უფრო გაფასებდეს და შენზე ზრუნავდეს, ხოლო ძალიან ახლობელს, შეიძლება წელი ისე გავიდეს, არც გაახსენდე, ისიც, რა თქმა უნდა, თუ დასჭირდი. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ბოროტი ადამიანი „კეთილისმსურველების" მიერაა „შექმნილი“, ხოლო ყველაზე კეთილი – ბოროტების მიერ. ტკივილით შექმნილი კეთილგანწყობა უფრო ბუნებრიობის მატარებელია, ვიდრე ვიღაცის ფარისევლური „გენაცვალე“… ხან არის, რომ უძვირფასესი ბრილიანტებით ღორების გამასპინძლება გიწევს, რომლებსაც ის საკვები ჰგონიათ. ახლა ისეთი დროა, ადამიანს სიკეთე რომ უანგაროდ გაუკეთო, ან, თუნდაც, თბილად გაუღიმო, არავინ დაიჯერებს, მისგან რაიმეს რომ არ მოელი და შენი ამგვარი დამოკიდებულება ქვეტექსტებს არ შეიცავს… სხვათა შორის, რაც დრო გადის, ცხოვრება მზრდის და მადიდებს, თავად კი პატარავდება და მეც უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ დუმილი საუბრისა და სათქმელის გამოსახატად ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, ოღონდ მე სიყვარულით დუმილზე მოგახსენებთ… იმედია, გამიგეთ, რას ვგულისხმობ…

ყველა ახალი ამბავი
0