„Sputnik”-ის კორესპონდენტის კითხვას, თუ როგორ აფასებს წინასაარჩევნო გარემოს და რა ღონისძიებებს გეგმავს ხელისუფლება დაანონსებული დესტაბილიზაციის აღსაკვეთად, მან ასე უპასუხა:
— არსებულ გარემოს ჩემზე უკეთ აფასებენ და უფრო კომპეტენტურ პასუხს სცემენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი კოლეგები. გაიხსენეთ ამერიკის ელჩის ცნობილი გამოთქმა, რომელმაც მსგავსი ვითარება ამერიკაშიც ინატრა. რა თქმა უნდა, ხდება ექსცესები, არის შეხლა-შემოხლა, აქა- იქ უმსგავსობებსაც სჩადიან. აგერ, სენაკის მაგალითი გავიხსენოთ, მაგრამ ეს საერთო დადებით ფონს ვერ ცვლის. ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ჩვენს მომხრეებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ წამოეგონ პროვოკაციებს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინიც ადამიანები არიან და ზოგჯერ თავს ვერ იკავებენ. რაც შეეხება დესტაბილიზაციას და პრევენციას, ამისთვის არის სათანადო სტრუქტურები, რომლებიც, გარწმუნებთ, ძალიან გამართულად მუშაობენ. მათ აქვთ ყველანაირი ინფორმაცია და ნებისმიერი სცენარისთვის არიან მზად. რა თქმა უნდა, ყველა მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება არსებული ვითარების გამწვავებისკენ, სათანადო პასუხი გაეცემა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თენგიზ ჩოჩუა