ჰააგელი თომას ვაჰეს კახური თავგადასავალი - დაკარგული ფეხსაცმელები და ნაძლევი ხინკალზე

გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ჰოლანდიელ თომას ვაჰეს გაგაცნობთ და მის ქართულ თავგადასავლებზე გიამბობთ.

„წარმოსადგენადაც კი ძნელია, რომ ღვინის კულტურა საქართველოში უკვე ორ ათასწლეულს ითვლის, რომ აქ ღვინოს ახლაც იმ წესით აყენებენ, როგორც მათი მამები, პაპები და პაპისპაპები საუკუნეებისა და ათასწლეულების მიღმა…“

თომას ვაჰე პროფესიონალი ფოტოგრაფია. საქართველოში მუშაობა ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტით დაიწყო და მერე არაერთ სხვა შემოქმედებით წამოწყებაშიც ჩაერთო. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ჰააგის მუნიციპალური მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილად იქცა. 

მეღვინეობის კულტურის საგანძური

ჰოლანდიაში დავიბადე, ჰააგაში. ბიზნეს-მათემატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე და მოწოდება არ იყო. შთაგონება ფოტოხელოვნებაში ვიპოვე. ნიდერლანდების დედაქალაქში ფოტოსაქმის სპეციალური კურსების გავიარე და „ფრილანსერი“, თავისუფალი ფოტოგრაფი გავხდი. ფოტოკორესპონდენტად ვმუშაობდი, ძირითადად სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებისთვის ვიღებდი სიუჟეტებს.

მუშაობისას არჩევანს თავად ვაკეთებ. თვითონ ვპოულობ თემებს, ვიღებ ჩემთვის საინტერესო ობიექტებს და ვაშუქებ მნიშვნელოვან საკითხებს.

© Thomas Vaheთომას ვაჰეს ფოტო
თომას ვაჰეს ფოტო - Sputnik საქართველო
თომას ვაჰეს ფოტო

შემოქმედებითმა ძიებამ საქართველოში მომიყვანა. ვიცოდი, რომ თქვენს ქვეყანას ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა და გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი და მეღვინეობაზე, ღვინის დაყენებისა და სმის კულტურაზე დოკუმენტური ფოტოების სერია გადამეღო.
რომელიმე გამოცემისგან სპეციალური დაკვეთა არ მქონია, მაგრამ მქონდა, ასე ვთქვათ, ჩემი საკუთარი პროექტი, რომელიც ჩემთვის საინტერესო იყო არა მხოლოდ როგორც ჰობი ან „ფრილანსერის“ მორიგი თავგადასავალი — იმედი მქონდა, რომ ოდესღაც ამ ნამუშევრებს სადმე გამოვაქვეყნებდი.

ასე რომ, 2010 წელს თბილისში ჩამოვფრინდი და თავი არაჩვეულებრივ ქვეყანაში ამოვყავი.

ლამის მაშინვე გავეშურე კახეთისკენ — საქართველოს ღვინის ხელოვნების გულისკენ და ჩანაფიქრისთვის ხორცის შესხმას შევუდექი.

სხვადასხვა ოჯახებში ვცხოვრობდი, საინტერესო ადამიანებს, მათ ყოფასა და ცხოვრების სტილს ვეცნობოდი. უნდა გამოვტყდე, რომ იმ პერიოდში ზედმეტად დავეწაფე ღვინოს. სხვაგვარად არ გამოდიოდა. ან როგორ, როცა ღვინო იყო გემრიელი, ხალხი — სტუმართმოყვარე, სადღეგრძელოები კი — გულითადი? თანაც, ჩემი პროექტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ღვინის სმის ტრადიცია ამესახა, რისი გადაღებაც მხოლოდ ქართულ სუფრასთან „ცოცხალი“ ქეიფისას შეიძლება. თუმცა, მართალი გითხრათ, სინდისი მაინც და მაინც არ მქენჯნიდა და საკუთარ თავსაც განსაკუთრებით არ ვანამუსებდი.

© Sputnik / Alexander Imedashviliთომას ვაჰე
თომას ვაჰე - Sputnik საქართველო
თომას ვაჰე

მუშაობისთვის ძალიან მთვრალი ვიყავი…

მაშინ რომელიღაც სოფელში ვცხოვრობდი, ახლა სახელი წესიერად არც მახსოვს, მაგრამ იქ უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც ახლაც ვმეგობრობ, რამდენიმე წლის გასვლის შემდეგაც კი. ერთი ოჯახიდან მეორეში გადავდიოდი საცხოვრებლად, ვმომთაბარეობდი.

თავიდან ძალიან გამიჭირდა მუშაობა. გავიცნობდი ოჯახს, გამოველაპარაკებოდი და ცოტა ხანში უკვე სუფრასთან მიწვევდნენ. როცა, წესით, გადაღებები უნდა დამეწყო, იმ მომენტისთვის უკვე ისეთი მთვრალი ვიყავი ხოლმე, რომ… მთელი კვირა ასე გაგრძელდა, მერე კი მაინც მოვახერხე მუშაობის დაწყება.  

ვიღებდი სურათებს, სადაც მთელი ოჯახი ერთად უჯდა სუფრას და ერთად სვამდნენ ღვინოს. სწორედ მაშინ გავიგე, რომ ღვინის სმის კულტურა უბრალოდ რაღაც „დალევა“ კი არ არის, ეს, უპირველესად, ურთიერთობა, მეგობრობა, სხვის მიმართ პატივისცემაა. მინდოდა, ჩემი ფოტოებით მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები წინაპრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით.

© Thomas Vaheსაქართველოს მთებში - თომას ვაჰეს ფოტო
საქართველოს მთებში - თომას ვაჰეს ფოტო - Sputnik საქართველო
საქართველოს მთებში - თომას ვაჰეს ფოტო

წარმოსადგენადაც კი ძნელია, რომ ღვინის კულტურა საქართველოში უკვე ორ ათასწლეულს ითვლის! ოჯახები ღვინოს ახლაც იმ წესით აყენებენ და სვამენ, როგორც მათი მამები, პაპები და პაპისპაპები. ეს ტრადიცია ათწლეულების, საუკუნეების, ათასწლეულების მიღმიდან მოდის, რაც თანამედროვე ეპოქის ადამიანისთვის, უბრალოდ, განსაცვიფრებელი ამბავია!

როცა თავისუფალი დრო მქონდა, ბუნებით ვტკბებოდი, განსაკუთრებით, მთების სილამაზით. ბევრი ჩემი ახალი ნაცნობი მირჩევდა, მთიან რეგიონებში წავსულიყავი და ბოლოს ასეც მოვიქეცი — ტაქსი დავიქირავე და ყაზბეგში წავედი. ეს იყო გამაოგნებელი რამ! და ახლა იქ გავაგრძელე პროექტზე მუშაობა.

სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს დასასრული და ჩემი შვებულებაც დამთავრდა. ასე დასრულდა ჩემი პირველი სტუმრობა საქართველოში, რომელიც უკვე ფრიად მესიმპათიურებოდა თავისი ხალხიანად, ხოლო ქართული ღვინო უკვე მიყვარდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliრთველი - კახეთში ყურძნის მოსავალს იღებენ
რთველი - კახეთში ყურძნის მოსავალს იღებენ - Sputnik საქართველო
რთველი - კახეთში ყურძნის მოსავალს იღებენ

როგორ დამხვდნენ კახელები მეორედ

როცა ისევ ჩამოვედი საქართველოში, რაღა თქმა უნდა, ისევ კახეთში წავედი და ისევ შევხვდი ჩემს ძველ ნაცნობ-მეგობრებს. უნდა გენახათ, როგორი სიხარულით დამხვდნენ! ასე ნათესავებსაც არ ხვდებიან ევროპაში. საოცრად სტუმართმოყვარე ქვეყანა გაქვთ, საოცრად!

მალე სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელიც მუშაობდა საქველმოქმედო ფონდში „გადავარჩინოთ ბავშვები“. სწორედ მან შემომთავაზა, მემოგზაურა საქართველოში და ბავშვებისთვის სხვადასხვა ვითარებაში გადამეღო ფოტოები. ცოტა ხანს ვიფიქრე და დავთანხმდი.

ბევრი კუთხე მოვიარე, კიდევ უფრო ახლოს გავიცანი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ადამიანები და ერთმანეთზე საინტერესო და ლამაზი ადგილები აღმოვაჩინე. ყველაფრის გადაღება, მეხსიერებაში აღბეჭდვა მინდოდა… ეს პერიოდი შემოქმედებითად ძალზე ნაყოფიერი გამოდგა.

© Sputnik / Alexander Imedashviliთომას ვაჰე
თომას ვაჰე - Sputnik საქართველო
თომას ვაჰე

უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და მთებისკენ მივეშურები საცხოვრებლად. წელსაც სვანეთში ვიყავი — ფანტასტიკური ბუნების სვანეთში! ჩემი სამშობლო, ძირითადად, დაბლობზეა და ალბათ ამიტომაც მიყვარს ასე ძლიერ მთები — ქართული მთები.

ლაშქრობებში ხშირად მარტო დავდივარ. მიყვარს მიუვალი და „ქედმაღალი“ ბუნებისთვის სურათების გადაღება. ამ წლების განმავლობაში კარგად შევისწავლე სვანეთი, რომელიც ჩემ საყვარელ კუთხედ იქცა.
მიყვარს საქართველოს ბუნებაზე ლაპარაკი. თუშეთი, ბორჯომი, აჭარა, გურია… არც კი ვიცი, რომელი უფრო მომწონს. მთელი საქართველო ფანტასმაგორიული, მისტიკური და ჯადოსნურია. სულ ერთი ციდა ადგილი უჭირავს დედამიწაზე და მაინც რა დოვლათიანია! 

როგორც სპეციალისტი კი გეტყვით, რომ ლანდშაფტური ფოტოგრაფისთვის აქ მუშაობა ერთი სიამოვნებაა.

ყველაზე საყვარელი

ცოტას ქართულ სამზარეულოზეც ვიტყვი. ვიცი, ხინკალი ბევრს უყვარს. მაგრამ ერთხელ ერთ კახელს ნაძლევზე გავეჯიბრე, ვინ უფრო მეტ ხინკალს შეჭამდა. არადა, როგორი ხინკალი იციან კახეთში?! დიდი, ხორცით გამოტენილი, კაცის მუშტისოდენა! წავაგე, იმიტომ რომ თხუთმეტზე მეტს ვერ მოვერიე. იმის მერე ხინკლის დანახვა აღარ მინდა, არადა, ადრე ძალიან მიყვარდა.

კარგია, რომ არსებობს ნიგვზიანი ბადრიჯანი — ეს ქართული სამზარეულოს შედევრია! ეს კერძი მიყვარს ყველაზე მეტად აქაურ სამზარეულოში — დიდებული რამაა. ასე მგონია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით შემიძლია ვჭამო. კიდევ კუბდარი მიყვარს, მაგრამ ყოველდღე ნამდვილად ვერ შევჭამ.

და წყალი?! ზღაპრული გემო აქვს. თქვენში ათობით მინერალური წყაროა და ყველა უნიკალურია. წარმოგიდგენიათ, რად ღირს ცივი, კამკამა, გემრიელი მთის წყაროს წყლის ერთი ყლუპი, როცა თაკარა მზეზე სამსაათიანი ხეტიალის შემდეგ გამჭვირვალე ნაკადულს გადააწყდები?!

© Thomas Vaheშხარა - თომას ვაჰეს ფოტო
შხარა - თომას ვაჰეს ფოტო - Sputnik საქართველო
შხარა - თომას ვაჰეს ფოტო

ამ წლების განმავლობაში ცოტა ქართული ვისწავლე — იმდენი, რომ აქაურებს ველაპარაკო. ასე თუ ისე, წინადადებებს ვაწყობ და ისიც მესმის, რას მეუბნებიან, მაგრამ წაკითხვით მხოლოდ მცირე განცხადებებს, აბრებსა და პლაკატებს ვკითხულობ, წერა კი საერთოდ არ ვიცი. ჩემს ცოდნას ხანდახან პრაქტიკაშიც ვიყენებ — ტურისტებს დავყვები გიდად მთებში.

თუ შევაჯამებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მთავარი პროექტი საქართველოში — ეს „ერთი წელი — ერთი ფოტოა“. სურათი არ უნდა იყოს ტრივიალური, ჩვეულებრივი, ტიპიური რაკურსით გადაღებული. სულ რამდენიმე ფოტო ჩავრთე ამ პროექტში, რომლებსაც უსასრულოდ შემიძლია ვუყურო, იმიტომ რომ ყველას საინტერესო სიუჟეტი აქვს და თანაც, მეც კი, ამ ფოტოების ავტორი, ყოველ ჯერზე რაღაც ახალ, მანამდე შეუმჩნეველ დეტალს ვამჩნევ.

ამ კოლექციის გვირგვინად იქცა მხატვრული ფოტო სახელწოდებით „ნარინჯისფერი თბილისი“. ის ჰააგის მუნიციპალური მუზეუმის ექსპოზიციაზეა გამოფენილი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების გალერეებს შორის.

© Thomas Vahéსვანეთი-თომას ვაჰეს ფოტო
სვანეთი-თომას ვაჰეს ფოტო - Sputnik საქართველო
სვანეთი-თომას ვაჰეს ფოტო

საქართველოში არაერთი თავგადასავალი გადამხდა. ერთ-ერთს გიამბობთ. ვინაიდან მთებში ბევრს დავდიოდი, სამოგზაურო ფეხსაცმელები გამიცვდა და გადასაყრელი გახდა. არადა, ძალიან დიდი ფეხი მაქვს — 47 ზომა, კახეთში ვერაფერი ვიშოვე და თბილისში მომიწია წამოსვლამ. 

ბევრია ვიარე მაღაზიიდან მაღაზიაში, ვეძებდი, ვიზომებდი და ბოლოს, როგორც იქნა, ვიყიდე ჩემი ზომა ფეხსაცმელი. თელავში ტაქსით დავბრუნდი. მძღოლმა შემომთავაზა, ბარგი საბარგულში ჩავაწყოთო და მეც დავთანხმდი. ახალი ფეხსაცმელებიც იქ ჩავალაგე — თავისი კოლოფით. ტაქსისტი ინგლისურს ამტვრევდა, მე — ქართულს. როგორღაც გვესმოდა ერთმანეთისა. ასე რომ, გზა სწრაფად და კეთილად გავლიეთ.

შინ რომ მივედი და ნივთების ამოლაგება დავიწყე, მაშინღა აღმოვაჩინე, რომ ფეხსაცმლის კოლოფი არსად ჩანდა — მანქანაში დამრჩენოდა. ბუნებრივია, ძალიან დამწყდა გული. გავიდა, ალბათ, ორი თვე, უკვე დავიწყებული მაქვს ეს ისტორია, და ისევ მომიწია თბილისში წასვლამ. მივედი ტაქსების გაჩერებაზე, მძღოლს მოველაპარაკე და დავიძარით დედაქალაქისკენ. ეს მძღოლი კიდევ არადა არ გაჩუმდა, არ მეშვება, მეკითხება, თბილისში მანამდე არ ყოფილხარო? რაღაც უცნაურ ტიპად მომეჩვენა…

© Thomas Vahe„ნარინჯისფერი თბილისი“ - თომას ვაჰეს ფოტო
„ნარინჯისფერი თბილისი“ - თომას ვაჰეს ფოტო - Sputnik საქართველო
„ნარინჯისფერი თბილისი“ - თომას ვაჰეს ფოტო

მივდივართ, მივდივართ და უცბად ვამჩნევ, რომ სხვა გზით მივდივართ. ტაქსისტი მეუბნება, დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, სწორ გზაზე ვდგავართო. ერთიც, მანქანა რომელიღაც სახლთან გააჩერა, მთხოვა, ერთი წუთით დამელოდეო და გადავიდა. უკვე, ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი კიდეც. ამ დროს ვხედავ, მძღოლი მოდის და ხელში ჩემი ფეხსაცმლის კოლოფი უჭირავს! თურმე, მთელი ორი თვე ისე ინახავდა ჩემს ნივთს, რომ კოლოფში არც კი ჩაუხედავს, გახსნილიც კი არ ჰქონდა!

მერე შინაც დამპატიჟა, ღვინო დავლიეთ და საბოლოოდ ჩემი პროექტის მონაწილეც გახდა… თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ჰო, საქართველო მართლაც შესანიშნავი, უნიკალური, სამყაროსთვის გახსნილი ქვეყანაა. მაგრამ, ალბათ, ასეთი საინტერესო და მიმზიდველი არ იქნებოდა, რომ არა მისი ხალხი, რომელმაც გულითადი დახვედრა და თბილი გაცილება იცის…

მოკლედ, საქართველოთი და ქართველებით მოჯადოებული ვარ!

ყველა ახალი ამბავი
0