Sputnik-საქართველოს მოსკოველი კორესპონდენტი ფესტივალს ესტუმრა და ქართული დღესასწაულის ატმოსფეროს ეზიარა.
დღის 12 საათზე „ერმიტაჟის“ ბაღში ათზე მეტ ინტერაქტიული არენა გაიხსნა, სადა „თბილისობის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ არა მარტო გასცნობოდნენ ქართულ კულტურას, არამედ მისი ნაწილიც გამხდარიყვნენ. პროგრამაში იყო ღვინის დამზადების მასტერკლასები, ქართული ნაკეთობების გამოფენა, ეროვნული სამზარეულოს გიდი და სადღესასწაულო კონცერტი ქართველი და რუსი მომღერლების მონაწილეობით.
თამთა ფულარიანი, „თბილისობის“ ორგანიზატორი მოსკოვში: „თბილისობა“ ეს მოსავლის, მხიარულებისა და მუსიკის დღესასწაულია. მიმდინარე წელს ჩვენ უფრო მეტი აქტივობები შევქმენით — როგორც მუსიკალური ისე სპორტული. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ეროვნული კერძების მომზადების მასტერ-კლასებში, დაწურონ ყურძენი, მოამზადონ ფელამუში და გააკეთონ ჩურჩხელა, ისწავლონ ცეკვა და ნახონ ფილმის პრემიერა „ტელი და ტოლი“ კახი კავსაძის მონაწილეობით.
ორგანიზატორებმა ყველა მსურველისათვის ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასები გამართეს სადაც მათ თავისი რეცეპტები გაუზიარეს. ყოველს საათში 15-მდე სტუმარი-მზარეული სწავლობდა როგორ მოემზადებინა ხინკალი, ხაჭაპური, ფხალი, ჭვიშტარი, და სხვა. მომზადების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლოთ იქვე დაეგემოვნებინათ თავისი ნამუშევარი ან თან წაეღოთ.
განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოს დაეთმო. საწნახელში „მარანი“ სტუმრებს შეეძლოთ ახალი ყურძნის დაწურვა და შემდეგ დაგემოვნება.
ეროვნული კერძები და პროდუქტები ასევე იყიდებოდა მოსკოვში ქართული რესტორნების ბაზრობაზე — მზარეულები იქვე სტუმრების თვალწინ ამზადებდნენ ხინკალს, წვავდნენ მწვადებს.
ფესტივალის სტუმრებს ქართულ კულტურას ინტერაქტიული ლექციის საშუალებით აცნობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ლია ბაშალეიშვილი, რომელმაც მათ ქართული დამწერლობისა და ეთნოგრაფიის თავისებურებებზე მოუთხრო. ხოლო დოცენტმა გურამ აბსანძემ მსმენელებს თენგიზ აბულაძის ფილმზე „ნატვრის ხეზე“ მოუთხრო.
ბაღ „ერმიტაჟის“ ტერიტორიაზე მთელი დღის მანძილზე ქართული სიმღერები ისმოდა, რომლის ფონზეც მოცეკვავეები ეროვნულ ცეკვებს ასრულებდნენ. თუმცა არა მხოლოდ ისინი — ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ქართული ცეკვის ილეთების მასტერკლასებიც გაევლო.
ინგა ლადიგინა, „თბილისობის“ სტუმარი: ამ დღესასწაულზე ყოველ წელს დავდივარ ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად, ისინი კი რვანი არიან. ხუთჯერ ვიყავი თბილისში. ვაღმერთებ ამ ქალაქს და ქართულ კულტურას. ძალიან მიყვარს ანსამბლი „ნოსტალგია“ რომელიც აქ მღეროდა, თვალყურს ვადევნებ მათ შემოქმედებას უკვე 10 წელია. დღეს ვცადეთ ყველაფერში მიგვეღო მონაწილეობა, ვიდექით სცენის მახლობლად, ვმღეროდით და ვცეკვავდით მსახიობებთან ერთად.
მშვიდი გართობისა და დასვენების მოყვარულთათვის კი საუკეთესო კავკასიური ტრადიციებით შეზავებული კომედიის „ტელი და ტოლის“ ჩვენება შედგა, რომელიც ქართული- „ტელი“ და ოსური — „ტოლი“ სოფლების მცხოვრებთა შესახებ მოუთხროს მაყურებელს.
დღესასწაული ქართული და რუსული ესტრადის არტისტთა გამოსვლით დასრულდა. საღამოზე იმღერეს ეთერ ბერიშვილმა, თამთა ფულარიანმა, აჩი ფურცელაძემ, გიორგი მელიქიშვილმა, თორნიკე კვიტატიანმა, ვიქტორ სალტიკოვმა, ანსამბლმა „ნოსტალგია“ და სხვებმა. „თბილისობა“ მომღერლებმა ერთობლივი სიმღერით დაასრულეს.