თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას დროებით უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ლევან ბოძაშვილი შეასრულებს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა ირინე იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. ის თავისი მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა.
„ლევან ბოძაშვილმა მუშაობა დღეს დაიწყო. ის მოვალეობას შეასრულებს მანამ, სანამ პრეზიდენტი ახალ მდივანს არ დანიშნავს. კანონით უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის დანიშვნის ვადა განსაზღვრული არ არის, ამიტომ ეს მაშინ, მოხდება, როდესაც პრეზიდენტი შესაბამის კანდიდატურას შეარჩევს“, — განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
ბოძაშვილი უშიშროების მდივნის მოადგილის თანამდებობას 2015 წლის ივნისიდან იკავებდა. მანამდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს.
ბოძაშვილს სხვადასხვა დროს წამყვანი თანამდებობები ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ავსტრიაში ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას.
2012 წლიდან ბოძაშვილი ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი და მკვლევარია. საქართველოში აკადემიურ საქმიანობას 2006 წლიდან ეწევა.
უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა. უწყება მუშაობს საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიასა და თავდაცვის სისტემის ორგანიზებაზე. უშიშროების საბჭოს ასევე შეუძლია ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.