„თბილისობა“ მოსკოვში 1 ოქტომბერს იზეიმეს. Sputnik-ი ღონისძიების ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
მოსკოვში „თბილისობა“ უკვე მეექვსე წელია აღინიშნება. „ერმიტაჟის“ ტერიტორიაზე „თბილისობის“ ზეიმისთვის 10-ზე მეტი მოედანი გაიხსნა, სადაც ქართული სამზარეულოს მოყვარულთათვის მასტერ-კლასები ჩატარდა და ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტები გაიმართა. ზეიმზე ასევე შესაძლებელი იყო ქართული კერძების დაგემოვნებაც.
კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენლები სტუმრებს ქართული კერძების რეცეპტებსა და მომზადების წესს აცნობდნენ, ხოლო კომპანია „მარანის“ წარმომადგენლები კი საოჯახო ღვინის ადგილზე დამზადებასა დეგუსტაციას სთავაზობდნენ. ქართული კერძების დაგემოვნება „ერმიტაჟის“ ტერიტორიაზე თავისუფლად იყო შესაძლებელი. მოსკოვში არსებულუ ქართული რესტორნების მზარეულები ხინკალსა და მწვადს ღინისძიების სტუმრების თვალწინ ამზადებდნენ.
ფესტივალზე ქართული კულტურის გაცნობა „თბილისობის“ სტუმრებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის ლია ბაშელეიშვილისა და მოსკოვის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტ გურამ აბესაძის ლექციებზე შეეძლოთ.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ქართული ცეკვის მასტერ-კლასს. დღესასწაული ქართველი და რუსი მომღერლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა, რომელზეც მსმენელის წინაშე წარდგნენ ეთერ ბერიაშვილი, თამთა ფულარიანი, აჩი ფურცელაძე და სხვები.