თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა კანონის, მათ შორის — სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის ფაქტები, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ანგარიშში. ორგანიზაცია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს აწარმოებს.
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში 8 ივნისს დაიწყო. მის მსვლელობას თვალს ადევნებს ISFED-ს 929 დამკვირვებელი. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.
„საარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
კერძოდ, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ისეთი სერიოზული დარღვევები, როგორებიცაა: ამომრჩევლის მიმართ მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ჩარევა, ჩხუბი, ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიების ოფისებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანება, სიძულვილის ენის გამოყენება, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობა.
დამკვირვებლებმა დააფიქსირებს ჩხუბის ექვსი შემთხვევა, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის რვა ფაქტი და პლაკატებისა და ბანერების დაზიანების 37 ფაქტი.
გარდა ამისა, ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო დროს დაფიქსირდა ამომრჩევლის მიმართ მუქარის 14 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12 ფაქტი.