თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რომის პაპის ვიზიტის მოწინააღმდეგეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს საპროტესტო აქცია მართავენ, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი.
აქცია რომის პაპის ჩამოსვლამდე ერთი საათით ადრე გაიმართა. აეროპორტთან დაახლოებით 20-30 ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგენლები.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ რომის პაპი შეურაცხყოფს მართლმადიდებელ მოციქულებს იმით, რომ ის თბილისში მესის ჩატარებას აპირებს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ რომის პაპის მიერ თბილისში მესის ჩატარება არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც მართლმადიდებლების კათოლიკეებად მოქცევის მცდელობა.