თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რომის პაპ ფრანცისკს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა და „საყვარელი ძმა“ უწოდა.
საპატრიარქოში პონტიფიკოსი პრეზიდენტის სასახლიდან გაემგზავრა, სადაც შეხვედრის შემდეგ რომის პაპმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადებები გააკეთეს.
„საყვარელო ძმაო ფრანცისკ, მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით და ამით იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას აგრძელებთ, რომელსაც საფუძველი პირველ საუკუნეში ჩაეყარა… ჩვენ ოცი საუკუნის განმავლობაში ვცხოვრობდით ძმურ სიყვარულში და კიდევ ვიცხოვრებთ“, — მიმართა კათალიკოს-პატრიარქმა რომის პაპს.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის მრავალი პრობლემა ყოფილა, რომლებიც საბოლოოდ გადაჭრილა.