თბილისში „სიცოცხლის ფესტივალი“ ტარდება

გამოწერა
ღონისძიება მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარებას.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი" 30 სექტემბერს თბილისში „სიცოცხლის ფესტივალს“ მართავს, რომელიც მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარებას, აცნობეს Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ახალგაზრდობა - Sputnik საქართველო
როგორ გავერთოთ საქართველოში ოქტომბრის თვეში — პროგრამა

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა, ამიტომ ფონდმა მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება და აქცია ჩაატარა. ფესტივალი, რომელმაც ყოველწლიური სახე მიიღო, უკვე მესამედ ტარდება.

ფესტივალის მიზანია „ბედნიერი სახლის“ მშენებლობისთვის თანხების მოძიება. "ბედნიერ სახლში" სიმსივნით დაავადებული ბავშვები ქიმიოთერაპიის შემდეგ როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ რეაბილიტაციას გაივლიან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ფონდს სოფელ დიღომში 7000 კვ მ მიწის ფართობი გადასცა, რომელზეც განთავსდება “ბედნიერი სახლი“.

„სტუმრებს ფესტივალის დროს შეუძლიათ სუვენირების შეძენა, რითიც საკუთარ წვლილს შეიტანენ სახლის მშენებლობაში“, — აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

წელს ფესტივალმა მთელი საქართველო მოიცვა. ის ბათუმში 5 სექტემბერს გაიხსნა კონცერტით „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!“ მასში მონაწილეობას იღებენ ფონდის ბენეფიციარები, ქართველი შემსრულებლები და ბავშვთა ანსამბლი „ბასტი–ბუბუ“.

ყველა ახალი ამბავი
0