ირმა სოხაძის საბავშვო თეატრ-სტუდია „მხიარული ნოტების“ ახალმოსახლეობა

© photo: courtesy of Teona Gogniashviliირმა სოხაძე
ირმა სოხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერლისა და კომპოზიტორის ირმა სოხაძის საბავშვო თეატრ-სტუდია „მხიარული ნოტები“ ახალი სასწავლო წლიდან თავის საქმიანობას ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ლიცეუმის შენობაში გააგრძელებს. ჩვენ ვეწვიეთ მას და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ქალბატონო ირმა, გილოცავთ სტუდიის ახალმოსახლეობას და მინდა გკითხოთ: თქვენ 2 წლის ასაკში ამღერდით და 5 წლის ასაკში უკვე სცენაზე იდექით, ეს რეკორდი ვინმემ მოხსნა?

— მადლობა მილოცვისთვის. რა ვიცი, ზოგიერთი ჩემი კოლეგა იმასაც ამბობს, რომ რამდენიმე თვის იყო თურმე სცენაზე რომ იდგა. თუმცა ეს ფაქტი არავის ახსოვს… საერთოდ რეკორდში არ არის საქმე, საქმე იმაშია, თუ რა იყო სინამდვილეში… რამდენად ერთგულები ვართ ჩვენი საქმის, რამდენად გვიყვარს ის, რამდენად მოდიან ჩვენთან ბავშვები და შედეგი რამდენად გვაქვს. 

- ჯერ კიდევ ბავშვობაში თქვენს შემოქმედებაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო ჯაზური იმპროვიზაციებით გაჯერებული  „ნარინჯისფერი“ პერიოდი… 

— დიახ, 9 წლის ვიყავი, როდესაც კომპოზიტორმა, კონსტანტინე პევზნერმა „ნარინჯისფერი სიმღერა“ დამიწერა და დღემდე მისი გამოძახილი მესმის, ის მზე მინათებს, ნარინჯისფერი მიყვარს და ჩვენს სტუდიაშიც მთავარი როგორც ხედავთ, ნარინჯისფერია… რაც შეეხება ჯაზს, როცა მე ვმღეროდი ცნობილ „ნარინჯისფერ სიმღერას“, ელა ფიცჯერალდის ძალიან ბევრი სიმღერა უკვე ნამღერი მქონდა. საერთოდ დელაკრუას აქვს ნათქვამი: ნარინჯისფერი სიხარულის ფერია, ასე რომ, ჩვენი მუსიკის მხიარული ნოტებიც ძირითადად მზისა და ამ ფერისაა. ძალიან მიხარია, რომ ბავშვებს ამგვარ სამყაროს მეტ-ნაკლებად ვუქმნით და ვჩუქნით.

© თ. გოგნიაშვილიირმა სოხაძის სტუდიაში
ირმა სოხაძის სტუდიაში - Sputnik საქართველო
ირმა სოხაძის სტუდიაში

-ქალბატონო ირმა, რამდენადაც ვიცი, დღეს ქართული საბავშვო სიმღერების დეფიციტია…

— დიახ, ეს პრობლემა მართლაც არსებობს. მე თავად ვწერ საბავშვო სიმღერებს და რაც მთავარია, ჩვენს სტუდიაში მიუზიკლებს ვდგამთ. მე მაქვს სამი მიუზიკლი, რომელთაგან ორი უკვე დავდგით, მესამეს — წელს დავდგამთ, მეოთხეს —კი ახლა ვწერ. ჩვენ ხომ თეატრ-სტუდია ვართ და ყველა სხვა სტუდიისგან ამით განვსხვავდებით. 

© თ. გოგნიაშვილილიზი ჩაჩანიძე შვილთან ერთად
ლიზი ჩაჩანიძე შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ლიზი ჩაჩანიძე შვილთან ერთად
 

- ლიზი ჩაჩანიძე, სტუდიის მოსწავლის, ნინა ბაზაძის დედა:  როცა შევამჩნიეთ, რომ ბავშვი ძალიან მონდომებული იყო, გადავწყვიტეთ, რომ ისეთ პროფესიონალთან მიგვეყვანა, როგორიც ქალბატონი ირმაა. აქ ძალიან კარგი გარემოა, კარგი პედაგოგები არიან და კმაყოფილები ვართ. ჩატარდა ბევრი ფესტივალი, სადაც სტუდიის ბავშვებმა პრიზები აიღეს. ახლახან ბულგარეთში ვიყავით და ჩვენმა ბავშვებმა იქაც ისახელეს. შარშან თურქეთსა და ბაქოში ვიყავით. საქართველოშიც ხომ თავისთავად ბევრ ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას. მოკლედ პედაგოგებიც და ბავშვებიც ცდილობენ, რომ ბევრი გამარჯვება მოიპოვონ და ჩვენი სტუდია და ქვეყანაც ასახელონ. 

შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი, მრავალი საესტრადო თუ ჯაზური მუსიკის ფესტივალის ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენისა და გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი ირმა სოხაძე უკვე 4 წლის ასაკში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრის სოლისტი, 8 წლიდან კი – სახელმწიფო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი გახლდათ. ირმა სოხაძე 25 წელი საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მოღვაწეობდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0