თბილისი, 29 სექტემბერი– Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტის შენობიდან უცნობმა პირებმა კომპიუტერი მოიპარეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციის თანახმად, მოპარული კომპიუტერი რაიონული ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურს ეკუთვნის, რომელშიც საჭირო დოკუმენტაცია ინახებოდა.
„საფინანსო სამსახურის ერთ-ერთი კაბინეტიდან კომპიუტერი დაიკარგა, რომელშიც ჩვენს მიერ გამართული ტენდერების შესახებ საჭირო ინფორმაცია ინახება. ფინანსური და სხვა საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები, კომპიუტერში არ იყო“, — განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობინზონ გვენეტაძემ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლითაა აღძრული, რაც ჯარიმას ან 1-დან 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.