ირაკლი მენაღარიშვილმა თბილისში შიმონ პერესის 2003 წლის ვიზიტი გაიხსენა.
მაშინ შიმონ პერესის სახელობის „მშვიდობის ცენტრმა“ და ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პერესმა ქართველებს ისრაელის ხალხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ხალხებს მსგავსი პრობლემები აწუხებთ.
ამ ვიზიტის დროს პერესი საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.
„ის (პერესი) თბილისში ჩამოდიოდა და მხვდა ბედნიერება, დავსწრებოდი მის შეხვედრას საზოგადოებასთან ქართულ სტილში — სუფრასთან. როცა ჩვენთან სტუმრობდა, ყველა ვსაუბრობდით იმაზე, რა ხდება მსოფლიოში და როგორ უნდა განვითარდეს ყველაფერი… მას ბადრი პატარკაციშვილის სახლში შევხვდით. ეს არაოფიციალური შეხვედრა იყო“, — აღნიშნა მენაღარიშვილმა Sputnik-თან ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ პერესი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოში არ ჩამოსულა, ის შევარდნაძესთან ბევრჯერ იყო შეხვედრილი, აღნიშნა ქვეყნის ყოფილმა პირველმა დიპლომატმა.
„ის იღებდა პრეზიდენტ შევარდნაძეს და ხვდებოდა ხოლმე მას სხვადასხვა რანგში — როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც პრეზიდენტი და ა.შ.“ — განაცხადა მენაღარიშვილმა.
მან პერესს უდიდესი პიროვნება უწოდა.
„უდავოა, რომ ის გამოჩენილი პიროვნება იყო მრავალი პარამეტრით. ის ერთი მათგანი იყო, ვინც ისრაელის სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ყოველ შემთხვევაში, იყო მათ შორის, ვინც ურთულეს, უმძიმეს დროში მუშაობდა, რათა ეს ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო და სიმშვიდე მოეპოვებინა. ის მოღვაწეთა იმ თაობას მიეკუთვნებოდა, რომელიც სახელმწიფოებრიობის გამტკიცებას უწყობდა ხელს“, — დასძინა მენაღარიშვილმა.
შიმონ პერესი დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი კვირის წინ ექიმებმა მას ინსულტი დაუდგინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინსულტის შემდეგ ის მედიკამენტურ კომაში იმყოფებოდა და შეერთებული იყო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე.
შიმონ პერესს მინისტრის ათზე მეტი პოსტი ეკავა, ორჯერ იყო მთავრობის მეთაური, 2007-2014 წლებში იყო ქვეყნის პრეზიდენტი. 1994 წელს პალესტინასთან სამშვიდობო ხელშეკრულებებზე ხელმოწერისთვის ნობელის პრემია მიიღო ისრაელის მაშინდელ პრემიერ იცხაკ რაბინთან და პალესტინის ლიდერ იასირ არაფატთან ერთად.