თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, ბულგარელ თანატოლებთან მატჩი 0:1 წააგო., ამის შესახებ უეფას ოფიციალური გვერდი იტყობინება. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც შეხვედრის 35-ე წუთზე გაიტანა ბულგარელთა გუნდის კაპიტანმა ილია გურევმა 11 მეტრიანის რეალიზებით.
მერვე ჯგუფის შემდგომ მატჩს საქართველოს ნაკრები 30 სექტემბერს გამართავს საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძელ — ფინეთის გუნდთან.
ქართველ ფეხბურთელთა კიდევ ერთი მოწინააღმდეგე შვედეთის გუნდი იქნება, რომელთანაც 3 ოქტომბერს ითამაშებენ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 13 ჯგუფად გაყოფილი 52 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მომავალი წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ელიტ რაუნდში ის გუნდები გავლენ, რომლებიც პირველ და მეორე ადგილებს დაიკავებენ და მესამე ადგილზე გასული 5 საუკეთესო გუნდი. ევროპის ჩემპიონატი მომავალ წელს ხორვატიაში 3-19 მაისს გაიმართება.