თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ყულევის ნავთობტერმინალში, ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკის გახსნის საზეიმო ცერემონია შედგა. ეკონიმიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ტერმინალზე დამატებითი პარკების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. N 5 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 6 რეზერვუარისგან, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3 შეადგენს. სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის — გაზოილის, ნავთის, ნახშირწყალბადის აირის კონდენსატის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის — მიღების, შენახვისა და დატვირთვის აშენებული ეს ობიექტი გამიზნულია კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტისათვის. სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად 1 500 000 მტ. მიაღწევს.
N6 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 5 რეზერვუარისგან, მათი საერთო მოცულობა 12 000 მ3 შეადგენს, მათ შორის 2 ერთეული — 3000 მ3 და 3 ერთეული — 2000 მ3. რეზერვუარების პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი არის და სამომავლოდაც დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. მისი განცხადებით, აღნიშნული მსხვილი საინვესტიციო პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საინვესტიციო კლიმატის მიმართ გამოხატული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება-გაფართოება.
პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა „სოკარის“ მიერ ტერმინალში განხორციელებულ ინვესტიციას, რომელმაც შექმნა 600-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ქვეყანას კი დამატებითი შემოსავალს მოუტანს.