კარლო ლუკელი - ნატოს სამხედრო ოფიცრობიდან მსოფლიოში აღიარებულ დიზაინერობამდე

© FB/Karlo lukeliკარლო ლუკელის სამკაულები
კარლო ლუკელის სამკაულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერი კარლო ლუკელი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ამავე სახელწოდების სამკაულების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის CARLO LUKELI-ს დამფუძნებელი.

მის მიერ დამზადებულმა ვინტაჟური სტილის სამკაულის სამმა მოდელმა ლუკელის მსოფლიოს N1 დიზაინერის ტიტული მოუტანა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ ფსევდონიმს ყოფილი სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოფიცერი კარლო ნიკოლეიშვილი ატარებს. 

მაისის თვეში იტალიაში მოღვაწე დიზაინერს თბილისში თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა უმასპინძლა, სადაც დიზაინერის ნამუშევრების წარმატებული გამოფენა შედგა.

უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა დიზაინერმა, რომელიც ზოგადად თავს არიდებს პრესასთან ურთიერთობას, რუბრიკისთვის "ქართველები უცხოეთში" Sputnik-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

© FB/Karlo Lukeliკარლო ლუკელი
კარლო ლუკელი - Sputnik საქართველო
კარლო ლუკელი

– ბატონო კარლო, რა გზა გაიარა ყოფილმა სამხედრო ჩინოსანმა საქართველოდან მსოფლიოში ცნობილ N1 დიზაინერამდე?

— ჯერ იმას გეტყვით, რომ ლუკელი ჩემი ფსევდონიმია და ჩემი შვილების სახელების – ლუკასა და ელენეს აბრევიატურას წარმოდგენს. ამ სფეროში საქმიანობა 2010 წლიდან დავიწყე და დღეს ჩემი ბრენდი მსოფლიოშია ცნობილი. სანამ ამ საქმიანობას ხელს მოვკიდებდი, თქვენ წარმოიდგინეთ, ხელოვნებასთან შეხება არც მქონია. საქართველოდან 2010 წელს წამოვედი. ერთ მშვენიერ დღეს სამკაულებით დავინტერესდი, იმდენად, რომ გადავწყვიტე, ისინი თავად შემექმნა. საამისოდ დახვეწილი გემოვნება და სამკაულებზე მუშაობის ტექნიკის ცოდნაა საჭირო. დავიწყე და ჩემი ახალი საქმიანობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ძირითადად ხელოვნურ შუშაზე ვმუშაობ. ჩემი ბრენდი თურქეთში შეიქმნა, მერე იტალიაში, სიცილიაზე გადავედი და დღეს CARLO LUKELI-ს ბრენდი უკვე მსოფლიოშია ცნობილი და საკუთარი მომხმარებელიც მყავს. აუცილებლად უნდა გითხრათ ისიც, რომ ჩემ მიერ დამზადებული თითოეული სამკაული ექსკლუზიურ მოდელს წარმოადგენს. 

© FB/Karlo Lukeliკარლო ლუკელის სამკაულები
კარლო ლუკელის სამკაულები - Sputnik საქართველო
კარლო ლუკელის სამკაულები

– საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რა თანამდებობა გეკავათ? 

— თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებულ ძალებში ახალწვეულთა დაკომპლექტებას ვხელმძღვანელობდი და შიდა ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის მეთაური ვიყავი. თავდაცვის აკადემიის ბაზაზე ინგლისის სამეფო აკადემია დავამთავრე და საქართველოში პირველი ნატოს ოფიცერი ვარ. სხვათა შორის, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ვეწეოდი — ტექნიკურ უნივერსიტეტში სამოქალაქო თავდაცვასა და სამხედრო ტაქტიკაში ლექციებს ვკითხულობდი. მიყვარდა სტუდენტებთან ურთიერთობა.

© FB/Karlo Lukeliკარლო ლუკელის სამკაულები
კარლო ლუკელის სამკაულები - Sputnik საქართველო
კარლო ლუკელის სამკაულები

– ისევ ხელოვნებას დავუბრუნდეთ: ცნობილია, რომ თქვენი ნაკეთობა საკმაოდ ძვირია და ქართველი მომხმარებლისთვის მისი შეძენა არც ისე ადვილია…

— სწორედ ამიტომაც სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის შევქმენი კოლექცია, სადაც სამკაულების ფასი 150 ლარიდან 1500 ლარამდე იყო. საქართველოში 300-მდე მოდელი მქონდა წარმოდგენილი. რადგან აქ ჩემ ნახელავზე დიდი მოთხოვნა იყო, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემ ქვეყანაში გამოფენა მომეწყო. სიამაყით მინდა მოგახსენოთ, რომ ამ გამოფენამ წარმატებით ჩაიარა. 

© FB/ Karlo Lukeliკარლო ლუკელის სამკაულები
კარლო ლუკელის სამკაულები - Sputnik საქართველო
კარლო ლუკელის სამკაულები

– ქართველ დიზაინერებს შორის ვის გამოარჩევდით?

— საქართველოში ჩემი ფავორიტი დიზაინერები არიან: ძალიან ნიჭიერი ფატუნა, რომელიც ტანსაცმლის დიზაინერია და მსოფლიოს აოცებს. ასევე მინდა შეფასება მივცე სამკაულების უნიჭიერეს დიზაინერს, მაია მიქაშავიძეს და მოვახსენო საზოგადოებას, რომ მის ექსკლუზიურ ბროშებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ბოლოს მინდა ვახსენო ასევე სამკაულების უნიჭიერესი დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე, რომელიც ტყავზე მუშაობს, მისი მოდელები საოცრად ლამაზია და წარმატებასაც ამიტომ მიაღწია.

© FB/Karlo Lukeliკარლო ლუკელის სამკაულები
კარლო ლუკელის სამკაულები - Sputnik საქართველო
კარლო ლუკელის სამკაულები
 

ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით კარლო ლუკელის პირად მენეჯერს ალესანდრო მანუელსაც.

— ჯერ იმას მოგახსენებთ, რატომ ვარ საქართველოში. ეს არის კარლოს ოცნების პროექტი, რაც ქართველებისთვის დიდი სიურპრიზი იქნება. შავი ზღვის სანაპიროზე ოკეანის მკვლევარ ჯგუფთან ერთად გახლავართ ჩამოსული. საქართველოს შავი ზღვის ქვა დამუშავდება და სამკაულისთვის შეიქმნება. ამ ქვას მიენიჭება კარლო ლუკელის სახელი, რაც შემდგომ საქართველოდან მსოფლიო ბაზარზე  გავა. ამ პროექტის დასრულებას 2020 წლამდე ვვარაუდობთ. 

– სინიორ ალესანდრო, თქვენ კარგად იცნობთ მის ხელოვნებას, როგორ შეაფასებთ?

— მინდა გითხრათ, რომ ის გახლავთ ნიჭიერი დიზაინერი, რომელმაც სამკაულების სამყაროში რევოლუცია მოახდინა. მსოფლიოში პირველია, რომელმაც ბრილიანტი მინაში გამოიყენა და რომელმაც შრი-ლანკისა და ბრაზილიური შუშა პირველად გამოიყენა. ეს მსოფლიო წარმატებაა. მის მოდელებს პირველი ადგილი აქვს აღებული. ვენეციური შუშის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მას შუშის სამყაროში საოცარ აღმოჩენას ეძახიან. მისი დიზაინი ყოველთვის გამორჩეული და განუმეორებელია, ამიტომაც ამბობენ, რომ მისი ხედვა 22-ე საუკუნისაა. ჩვენ, სიცილიელებს ძალიან გვიხარია, რომ ეს ბრენდი სიცილიურია. სხვათა შორის, მას არ უყვარს ინტერვიუს მიცემა და საკუთარ თავზე ლაპარაკი და ძალიან მიკვირს, ახლა რომ დათანხმდა…

© FB/Karlo Lukeliკარლო ლუკელის სამკაულები
კარლო ლუკელის სამკაულები - Sputnik საქართველო
კარლო ლუკელის სამკაულები

– ცხოვრებასა და ურთიერთობებში როგორია ქართველი დიზაინერი?

— ცხოვრებაში ძალიან კულტურული და ინტელიგენტი ადამიანია, რის გამოც მასთან ურთიერთობა საინტერესოა. ამასთან ძალიან კეთილია. მაგრამ ერთადერთი, რაც მასში არ მომწონს, ისაა, რომ ყველას ენდობა ხოლმე… ალბათ არ არსებობს თემა, რომელიც მან არ იცის, აქვს პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა. ჩვენთვის მისი ყოველი ჩამოსვლა სიცილიაში დღესასწაულია, ბოლოს შობაზე იყოს ჩამოსული. იუმორის დიდი გრძნობა გააჩნია, არის ძალიან რომანტიკული და მასთან ყველანი მხიარულად ვგრძნობთ თავს, განსაკუთრებით მანდილოსნები, სიცილიელ გოგონებს ძალიან უყვართ… მაგრამ სრულიად განსხვავებული ადამიანია, როდესაც კოლექციაზე მუშაობს, არის მკაცრი და ამასთანავე უხეში, მასთან მუშაობა რთულია და ბევრი ვერ უძლებს. ერთადერთი დიზაინერია, რომელიც საკუთარი ხელით არ აწყობს სამკაულს და ყოველთვის იმას აღნიშნავს, რომ დიზაინერი ამწყობი არ უნდა იყოს, ის მხოლოდ დიზაინს უნდა ქმნიდეს. ნებისმიერი მენეჯერისთვის ოცნებაა, რომ ასეთი დიზაინერის მენეჯერი იყოს…

ყველა ახალი ამბავი
0