თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პროექტი „ფიროსმანის აღდგენა“ იწყება, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნახატების მასშტაბურ რესტავრაციას გულისხმობს, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახური.
პირველ რიგში ორი ტილოს — „თამარ მეფისა“ და „შოთა რუსთაველის“ პორტრეტების აღდგენა იგეგმება. ეს პორტრეტები მირზაანში, ფიროსმანის მუზეუმის კოლექციაში ინახება. ოთხშაბათს, 14:30 საათზე ნახატებს რამდენიმე საათით თბილისის ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმში გამოფენენ.
„შეამოწმებენ ნახატების მდგომარეობას, რის შემდეგაც ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ. ნახატების რესტავრაციას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში სპეციალისტები ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი ჩაუტარებენ“, — აღნიშნეს სამინისტროში.
რესტავრაციის პროცესი სამი თვე გაგრძელდება. ამის შემდეგ პორტრეტებს, მხატვრის სხვა სურათებთან ერთად მირზაანის ფონდის კოლექციიდან, თბილისის „თი-ბი-სი გალერეაში“ გამოფენენ.
„თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“ 1948 წლიდან ფილოლოგ იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში ინახებოდა. ოჯახმა ნახატები 1989 წელს თბილისის ხალხთა მეგობრობის მუზეუმს გადასცა, საიდანაც შემდეგ მირზაანში მხატვრის მუზეუმში მოხვდა.
სპეციალისტების თქმით, წინასარესტავრაციო სამუშაოების გამო ტილოები მრავალმხრივ დამუშავებას საჭიროებს. სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭო გააკონტროლებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და „თი-ბი-სი ბანკის“ დაფინანსებით.