თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ბლოკის „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერი საარჩევნო სიაში ჩასმისთვის ფულს ითხოვდა, განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე.
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ წარმომადგენლებმა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილების მიზეზად მათ მენეჯმენტის, ფინანსური და ადამიანური ურთიერთობების პრობლემები დაასახელეს. თავის მხრივ ბურჭულაძემ „გირჩი“ იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
„დღეს შედგა შეხვედრა. ამ შეხვედრას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის პაატა ბურჭულაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს სიიდან ამოიღოს „გირჩის“ წევრები. ლაპარაკი იყო არა ჩემზე, არამედ პარტიის სხვა წევრებზე. ეს ადამიანი (ბურჭულაძე) მაშანტაჟებდა, რომ თუ პარტიის წევრები არ მიიტანდნენ გარკვეულ თანხას, „გირჩს“ ამოაგდებდნენ საარჩევნო ბლოკიდან“, — განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, უარს ამბობს ბლოკზე, რადგან მისთვის არ არის პრინციპული პარლამენტში მოხვედრა. ამასთან ჯაფარიძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ბურჭულაძეს ფული პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა და არა ბლოკისთვის.
დღეისათვის ბურჭულაძის ბლოკში რჩებიან მისი პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“, „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“.