თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც, სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან ხელისუფლების დამხობასა თუ ხელში ჩასაგდებაზე საუბრობს, სისხლის სამართლის საქმე შეთქმულების მუხლით დაიწყო.
აუდიოჩანაწერი ინტერნეტ-სივრცეში სამშაბათს გავრცელდა. უდიოჩანაწერში ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ხმით საუბრობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მომავლის გეგმებს, კერძოდ, მოვლენების რევოლუციური სცენარის განვითარების საკითხს განიხილავს.
„მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ“, — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. აღნიშნული მუხლი თავისუფლების ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„რევოლუციური სცენარი აუცილებელია… გამოვიყურებით, როგორც დამარცხებულები და ამიტომ გვჭირდება ბევრი ხალხის მობილიზება“, – აცხადებს, სავარაუდოდ, სააკაშვილი.
ადამიანი ბობოხიძის ხმით, თავის მხრივ, გამოდის წინადადებით, შეიქმნას 200–კაციანი ჯგუფი, მოეწყოს საპროტექსტო აქციები და რუსთაველზე კარვები დაიდგას.
სააკაშვილმა აუდიოჩანაწერს უნიჭო მონტაჟი უწოდა.
სექტემბრის დასაწყისში საქართველოს შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შეიქმნა პოლიციელების სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების დღეს – 8 ოქტომბერს და ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების აღკვეთაზე იმუშავებენ.