თბილისი, 27 სექტემბერი– Sputnik.ყოფილ და ამჟამინდელ მმართველ პარტიებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები და ინციდენტები ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე უარყოფითად მოქმედებენ, ნათქვამია დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებების ეუთო-ს ბიუროს მისიის (ODIHR) შუალედურ ანგარიშში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. საპარლამენტო ადგილებზე იბრძოლებს 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები.თუმცა ძირითადი დაპირისპირება ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის იკვეთება.
"არჩევნების ატმოსფეროზე ნეგატიურად მოქმედებს ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, 2016 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედური არჩევნების დროს კორცხელში ძალისმიერი დაპირისპირების ჩათვლით",- ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 30 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემოზე მოქმედებს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური ელიტის მიმართ მოსახლეობის იმედგაცრუება.
ზეგავლენის კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება და ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის განხილვა.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წინასაარჩევნი კამპანია 8 ივნისს დაიწყო, ის ძალიან უსიცოცხლოდ მიმდინარეობდა. ღონისძიებები ძირითადად შემოიფარგლებოდა მიტინგებით, მოსახლეობასთან მცირერიცხოვანი შეხვედრებით და კარდაკარ აგიტაციით.
ყველაზე აქტიურები აღმოჩნდნენ ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები. ამ დროს კამპანიის ტონი კონფრონტაციულია, მხარეები ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებას აბრალებენ.
საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიების მონაწილეებს შორის ჩხუბები მოხდა, ასევე პარტიების ოფისებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანება.
"მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ სამართალდამცავ ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიმართ უნდობლობა გამოთქვა. OSCE/ODIHR რამდენიმე ბრალდება მოისმინეს ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენების შესახებ, თანამდებობოს პირებზე ზეწოლის შესახებ, რაც გამოიხატებოდა წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნაში და დაშინებაში",- ნათქვამია ანგარიშში.
დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ინფორმაციის მთავარ წყაროს ტელევიზია წარმოადგენს. ამ დროს მათ მიუთითეს ტელეკომპანია"რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე, რომელმაც მასმედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის გარკვეული ეჭვები გამოიწვია.
ამავე დროს ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ცესკო საარჩევნო პროცესის ყველა მხარის ნდობით სარგებლობს.