საქართველოში გია ყანჩელის Al Niente პირველად შესრულდება

გამოწერა
კომპოზიტორმა ამ მუსიკალურ კომპოზიციაში გადმოსცა თავისი წარმოდგენა სიცოცხლეზე, სიკვდილსა და წუთისოფლის ამაოებაზე.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2016 წლის 3 ოქტომბერს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ნაწარმოების Al Niente პრემიერა გაიმართება.

Al Niente დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის ყანჩელმა 2000 წელს დაწერა და ცნობილ რუს დირიჟორს, პედაგოგს იური ტემირკანოვს მიუძღვნა.

Al Niente — იტალიურად ნიშნავს „არაფერს“. კომპოზიცია დიმინუენდოს პრინციპითაა შექმნილი. ესაა მუსიკალური ტერმინი, რომელიც ბგერის თანდათანობით შესუსტებას გულისხმობს. ეს მუსიკა კომპოზიტორმა 65 წლის ასაკში დაწერა და მასში ჩააქსოვა თავის წარმოდგენა სიცოცხლეზე, სიკვდილზე, წუთისოფლის ამაოებაზე.

ნაწარმოები უკვე შესრულდა ნორვეგიაში, შვეიცარიაში, დანიასა და რუსეთში.

საქართველოში კონცერტი გაიმართება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. ნაწარმოებს შეასრულებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ცნობილი რუსი დირიჟორის ნიკოლაი ალექსეევის დირიჟორობით.

კომპოზიტორი გია ყანჩელი
კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი გია ყანჩელი

 

საღამოზე ასევე შესრულდება კარლ მარია ფონ ვებერის ოპერა „ობერონის“ უვერტიურა და მაქს ბრუხის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის №1.

კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურის მოღვაწეთა კავშირის „კონცეპტ არტის“ მხარდაჭერით.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო“, „შერეკილები“, „არ დაიდარდო“ „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.

ყანჩელის შესახებ რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. მათ შორისაა „გია ყანჩელი“ (2001), „გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში“ (2011), „მიმინო (საბჭოთა კინოს საიდუმლოება)“ (2012) და სხვა.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია: საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და ღირსების ორდენი, პრემია „ნიკე“ ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა“) დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის“ პრემია და სხვა. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0