ეკატერინე მიქარიძე
საქართველოში მცხოვრები გერმანელების ხსენებაზე გონებაში მყის დედაჩემის მონათხრობი მიტივტივებს გონებაში. მაშინ ექვსი წლისაც არ ყოფილა. ბებიაჩემს ქალაქში გაჰყავდა თურმე სასეირნოდ და ვითომ შემთხვევით, პლეხანოვის პროსპექტისა და მარჯანიშვილის ქუჩის კვეთაზე ერთ უცნაურ მშენებლობასთან ხვდებოდნენ ხოლმე, ლუთერანულ ეკლესიასთან. უცნაურთან კი იმიტომ, რომ ეკლესიას კი არ აშენებდნენ, პირიქით, გერმანელ ტყვეებს აგურ-აგურ აშლევინებდნენ. ყოველ მისვლაზე ბებია ჩანთიდან საჭმელს იღებდა და ტყვეებს აძლევდა.
ერთხელ ზედამხედველს დაუნახავს და ბებიასთვის ყვირილი დაუწყია, როგორ არ გრცხვენიათ, ეგენი ჩვენი მტრები არიან, თქვენ კიდევ აქ საჭმელს უზიდავთო. ცდილობდა, პატრიოტული გრძნობა გაეღვიძებინა ბებიაჩემში, რომელსაც სულაც არ ერცხვინებოდა საკუთარი საქციელი და კვლავაც განაგრძობდა ტყვეების გამოკვებას, რითაც შეეძლო. ოღონდ ესაა, უფრო შემოქმედებითად მიუდგა საქმეს, მეტ სიფრთხილეს იჩენდა.
ბებია ამას იმ იმედით არ აკეთებდა, რომ ვიღაც გერმანელი ქალი მის შვილს ან ქმარს ასე მოექცეოდა იქ, გერმანიაში. მას ვაჟი არ ჰყოლია — დედაჩემი ერთადერთი შვილი იყო ოჯახში, ხოლო ბაბუა ინვალიდობის გამო დაიწუნეს და ფრონტზე არ წაუყვანიათ. უბრალოდ, ბებია, როგორც ჩანს, სულ სხვა გრძნობით მოქმედებდა, იმით, რაზეც მერე ნოდარ დუმბაძე დაწერს „მარადისობის კანონში“:
„ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ მარტო ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია… ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული…“
და თანაც, ძალიან უჭირდა გაეიგივებინა გერმანელები მტერთან, იმიტომ რომ „იტალიურ ეზოში“ ცხოვრობდა და ლამის მთელი ცხოვრება გერმანელი მეზობლების გვერდით ჰქონდა გატარებული; იმიტომ რომ, როცა ავად გახდა, გერმანელმა ექიმმა უმკურნალა და კვლავ ფეხზე დააყენა; იმიტომ რომ ტფილისის აშენებაში და ევროპული ქალაქისთვის დამსგავსებაში გერმანელებსაც მიუძღოდათ წვლილი…
საქართველო — აღთქმული მიწა
იდგა 1762 წელი. რუსეთის იმპერიის ტახტზე ეკატერინე მეორე ადიოდა — სწორედ ამ ახალგაზრდა გერმანელი ქალის ხელში გადადიოდა სამართავად უზარმაზარი იმპერია უამრავი აუთვისებელი მიწით. ერთი წლის შემდეგ იმპერატრიცამ გამოსცა მანიფესტი, რომლითაც გერმანელ გლეხებს რუსეთში დასასახლებლად მოუხმობდა და ამისათვის არაერთ პრივილეგიასა და შეღავათს სთავაზობდა…
მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა „ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა პირობისა“, ანუ რუსეთსა და საქართველოს შორის ტრაქტატი გაფორმდა და საქართველო იმპერიის ნაწილი გახდა, გერმანელებმა ჩვენს ქვეყანამდეც ჩამოაღწიეს. მათი ჩამოსახლების დაწყების თარიღად 1818 წელი მიჩნევა.
ეს ძირითადად ბადენ-ვიურტემბერგიდან წამოსული ოჯახები იყო, რომლებიც სამშობლოდან პოლიტიკურ არეულობებს, ეკონომიკურ რღვევასა და სიღატაკეს გამოქცეოდნენ და უცხო მიწაზე მეტი პერსპექტივისა და თავისუფლების საძებნელად წამოსულიყვნენ.
იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: იმ დროის გერმანიაში ძალიან ბევრი რელიგიური სექტა მოქმედებდა, მათ შორის, ხილიაზმი. მის მიმდევრებს ქრისტეს მეორედ მოსვლისა და აპოკალიფსის დადგომისა სწამდათ და მტკიცეთ ეჯერათ, რომ ამ დღეს არარატის მთის ძირას უნდა შეხვედროდნენ… მაგრამ ესაა, არარატამდე ვერ მიაღწიეს — საქართველოში გაჩერდნენ და სამუდამოდ აქ დარჩნენ.
მერე საქართველოში გაჩნდა გერმანული კოლონიები: მარიენფელდი — სართიჭალაში, ნოი ტიფლისი — კუკიაზე, იმ დროს ქალაქის გარეუბანში, ალექსანდერსდორფი — მტკვრის მარცხენა ნაპირას, დიდუბეში, მარიენფელდი, პეტერსდორფი და ფრეიდენტალი — სართიჭალას მახლობლად, ელიზაბეთთალი — დღევანდელი ასურეთი, კატარინენფელდი — დღევანდელი ბოლნისი.
ტფილისი გერმანული კოლორიტით
ექიმები, მეაფთიაქეები, მწერლები, მუსიკოსები… ერთი წიგნი არ ეყოფა საქართველოს საკეთილდღეოდ მოღვაწე გერმანელთა ისტორიის აღწერას. სცადეთ და დაასახელეთ თუნდაც ერთი სფერო, რომელშიც გერმანელებს წვლილი არ აქვთ შეტანილი…
გერმანელებმა შეიყვარეს ტფილისი, რომელსაც ჩვეული პატიოსნებითა და ერთგულებით ემსახურებოდნენ. ისინი ძალიან ორგანულად შეერწყნენ ქალაქს და ბუნებრივად შესძინეს მას ევროპული ხიბლი.
ტფილისის ცენტრში მდებარე ისტორიული ნაგებობების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს განსაკუთრებული ღირებულება აქვთ, სწორედ გერმანელი არქიტექტორების ესკიზებითაა აგებული. და არა მხოლოდ ტფილისში…
ოპერის თეატრი — ვიქტორ შრეტერი, ლიკანის სასახლე — ლეოპოლდ ბილფელდი; მასვე ეკუთვნის ლუთერანული კირჰეს პროექტი მიხაილოვსკის პროსპექტისა და კირიჩნის კუთხეში — სწორედ ის, რომელიც გერმანელ ტყვეებს 1946-ში დააშლევინეს, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლე და კლასიკური გიმნაზია — ოტო სიმონსონი, თბილისის საკრებულოს შენობა — პაულ შტერნი, რუსთაველის თეატრი — ალექსანდრ შიმკევიჩი…
გერმანელ სწავლულებს უნდა უმადლოდნენ თბილისელები არაჩვეულებრივი და უძველესი დენდროლოგიური პარკის, ბოტანიკური ბაღის გაშენება-შემონახვას: სწავლულ მებაღე-დეკორატორ შარერს, რომელმაც ბაღს 28 წელი შესწირა, ბოტანიკოს ჰინცენბერგს, ადოლფ როლოფს — 1902 წლიდან ბოტანიკურის დირექტორს, რომელმაც დააარსა სამეცნიერო განყოფილებები, ლაბორატორიები, რეგიონული გეოგრაფიული განყოფილებები და საცდელი სადგურები, მისი ინიციატივით დაფუძნდა პერიოდული გამოცემები.
და გერმანელი ექიმები?! მეანი ფრიდრიხ ფიხნერი, ქირურგი ფონ შტელი, გინეკოლოგი შენგლერი, ვენეროლოგი შტრაიხერი, თავად ამილახვარის მიერ XIX-ე საუკუნის ბოლოს მოწვეული ახალგაზრდა სტომატოლოგი ოტო გოტლიბ ჰაინე, რომელმაც მიხაილოვსკის (დღევანდელი აღმაშენებელი) პროსპექტზე სტომატოლოგიური სასწავლებეი დააარსა.
ტფილისის ლამის ყველა აფთიაქი გერმანელების საკუთრება იყო: კოხისა, ოტენისა, ჰაინესი, ზემელისა… რუსთაველის პროსპექტის ერთ-ერთ კუთხეს დღემდე ზემელს ეძახიან ტფილისელები, იმიტომ რომ სწორედ იქ იდგა პროვიზორ-აფთიაქარ ევგენი ზემელის აფთიაქი XX-ე საუკუნის 30-იან წლებამდე.
გერმანელებმავე გაიყვანეს პირველი ტელეგრაფი კავკასიაში, რომელიც ტფილისს კოჯორთან აკავშირებდა. ეს სამუშაო ფირმა „სიმენსმა და ჰალსკემ“ ჩაატარა, რომელმაც ჩვენს დედაქალაქში განყოფილება გახსნა და ხელმძღვანელად ვალტერ სიმენსი მოავლინა 1860 წლის 2 ნოემბერს. ვალტერ სიმენსი ასევე დაინიშნა ჩრდილო-გერმანიის კავშირის კონსულად ტფილისში.
განაჩენი — გერმანული ფესვები
რუდოლფ კრომს დღემდე სტკივა წარსული, არ უყვარს იმის გახსენება, რაც გადაიტანა. მისი ოჯახი 1941-ში ყაზახეთში გადაასახლეს სხვა გერმანელებთან ერთად. მაშინ სულ პატარა ყოფილა.
12 წლისა რომ გახდა, საქართველოში დაბრუნდა. მწყემსებმა შეიფარეს. მათთან ერთად იცხოვრა მიწურში 15 წლამდე. მერე ვაგონმშენებელ ქარხანაში აიყვანეს, სახარატო საქმეს დაეუფლა და ქარხანაში დარჩა სამუშაოდ.
ბევრი სიმწარე ნახა, მაგრამ არ გაუხეშებულა. ის კი არა, რაღაც გამართლებასაც კი უძებნიდა ხელისუფლებას — ამბობდა, ომი იყო და ეტყობა, მთავრობას ეშინოდა, რომ საბჭოეთში მცხოვრები გერმანელები თავისიანებს არ შეკვროდნენ და ხელისუფლებას არ დაპირისპირებოდნენო.
25 წლისა ისე გახდა, პასპორტი არ ღირსებია — საბუთი მხოლოდ ცოლი მოყვანის, ანუ მმაჩის ბიუროში ხელის მოწერის წინ მისცეს. გამუდმებით იმეორებდა, საქართველოს გარდა სხვა სამშობლო არ გამაჩნია, რომ არა ქართველები, რომლებმაც ბავშვობაში შემიფარეს, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდიო.
90-იან წლებში, როდესაც ჩვენებური გერმანელები მასობრივად წავიდნენ ისტორიულ სამშობლოში, რუდოლფს აზრადაც არ მოსვლია საქართველოს დატოვება. აი მისი შვილიშვილები კი ბევრად პრაგმატულები გამოდგნენ — ორივე გერმანიაშია, რომელთაგან ერთი უკვე ქვეყნის მოქალაქეა, მეორე კი ჯერჯერობით მხოლოდ სტუდენტი.
ჩამოსახლებულთა ნაკვალევზე
სოფელი ასურეთი, ძველი ელიზაბეთთალი… თბილისიდან ერთი საათის სავალზე მძივის მარცვლებივით ჩამწკრივებული გერმანული ყაიდის სახლები, ლუთერანული ეკლესიის ნანგრევები, ძველი სასაფლაო, საფლავის ქვები გერმანულ წარწერებიანი ეპიტაფიებით…
და სახლი, რომელშიც წმინდა გერმანული წარმოშობის მანფრედ ტიხონოვი ცხოვრობს — გვარის მიუხედავად. ადგილობრივები ამბობენ, უცნაური კაცია, განკერძოებით ცხოვრობს, უფრო გერმანიიდან ჩამოსულებთან და თავის ოთხფეხა მეგობრებთან — ძაღლებთან და კატებთან ურთიერთობსო, რომლებითაც სავსეა მანფრიდის ეზო-ყურე.
მაგრამ უცნაური ამაში არაფერია. ჯერ ერთი, რომ გერმანელებისთვის ჩვეულებრივი ამბავია ასე ცხოვრება და მეორეც, არსებობს ენობრივი ბარიერი.
ვცდილობ, როგორმე ძაღლების დაცვა გავარღვიო და ეზოში შევიდე, მანფრედთან გასაუბრება მინდა. ის კი მეორე სართულიდან მიყვირის:
— ჩემი რუსული — ცუდი რუსული!
არ ვეშვები. გაგულისებული ხელს იქნევს და კარს მიღმა უჩინარდება. იმედი გამიცრუვდა, არ უნდა ჩემთან საუბარი… მაგრამ უცბად ალაყაფმა გაიჭრიალა და ზღურბლზე გერმანული მეგაპოლისის კომფორტის ქართულ პროვინციაზე გამცვლელი კაცი გამოჩნდა…
— მარტო ვცხოვრობ და არეულობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, — მეუბნება მანფრედი და ხის კიბით მეორე სართულისკენ მიგვიძღვება.
ეს ფრაზა ყურადღებას მამახვილებინებს და დაკვირვებით ვიხედები აქეთ-იქით. ჰოლი, ვრცელი ოთახი, ისევ კიბე — მესამე სართულზე, მანსარდაზე ამავალი… ირგვლივ იდეალური წესრიგია, თითქოს ჩვენი მოსვლისთვის სპეციალურად დაეკრიალებინოთ სახლ-კარი. მანსარდა ნათელი და მყუდროა, მაგიდაზე ბაღის ვაშლებით სავსე თეფში და კონიაკის ნახევრად დაცლილი ბოთლი დგას…
მანფრედი აღმოსავლეთ გერმანიაში დაბადებულა, ქალაქ შვერინში. დედა გერმანელი ჰყავდა, მამა კი — რუსი ჯარისკაცი. ერთმანეთი 1946 წელს გაეცნოთ. მერე მამა მშობლიურ სარატოვში დაბრუნებულიყო და ციმბირის ბანაკებიც „მოენახულებინა“ იმის გამო, რომ შეყვარებულ გოგონას წერილებს სწერდა გერმანიაში. ბიჭი უკვე 14 წლისა იყო, როცა მის სანახავად ჩასულა გერმანიაში…
მანფრედი 45 წლამდე ბერლინში ცხოვრობდა და ყველაფერი ჰქონდა: სახლი, ოჯახი, სამსახური… მაგრამ ერთ დღეს, 12 წლის წინ, ყველაფერი ეშმაკებთან გაგზავნა და ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა… საქართველოში.
მეგობარი ქალბატონი ჰყავდა ქართველი, რომელიც ძალიან ბევრ ამბავს უყვებოდა თავის სამშობლოზე და მანფრედს ამ ქვეყნის ნახვის დაუძლეველი სურვილი დაეუფლა. მერე ჩამოვიდა, ნახა და აქაურობა შეუყვარდა. გერმანიაში წასასვლელად გამზადებული ქალისგან ეს კარმიდამო და 1862 წელს აშენებული სახლ-კარი შეიძინა და სამუდამოდ დარჩა.
— ქალაქი ქაოსია, ცხოვრების სწრაფი ტემპით, განსხვავებული ურთიერთობებით და საშინელი ხარჯებით. ბერლინში ოროთახიან ბინაში 800 ევროს ვიხდიდი თვეში და 500 ევროს ავტომობილში. იქ დაზღვევა ძალიან ძვირი ღირს. ამას კიდევ გადასახადები ემატება… საქართველოში კიდევ არაფერი განსაკუთრებული ხარჯი არ მაქვს და არც არანორმალური რიტმით არ ვცხოვრობ. რაც მთავარია, აქ ყველაფერი ნატურალურია და ნამდვილი, ბუნებასთან ახლოს ხარ, იმდენად ახლოს, რომ ხანდახან ვერც ხვდები, სად მთავრდები შენ და სად იწყება ის… საქართველოში რაღაც განსხვავებულს ვეძებდი, — გვეუბნება მანფრედი და თან ფიქრებში იძირება.
მერე სარდაფში მოწყობილ მარანში გვიწვევს, სადაც ასურეთულ შალას ღვინოს აყენებს საკუთარი ხელით.
— შვილები ხშირად ჩამოდიან. ცოტა ხნის წინ ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილი (ამ ბოლო სიტყვას ქართულად ამბობს) მესტუმრნენ. სიძე ქართველი მყავდა და ჩემმა გოგომ ბევრად უკეთესად იცის ქართული… გერმანიაში ექვსი წელია არ ვყოფილვარ და დიდად არც მიმიწევს გული.
მერე კარის სახელურს ეყრდნობა და დაფიქრებული მეუბნება:
— ნახეთ, რა ლამაზია ეს ბროწეული. ბაღში ჟოლოც ბლომად მაქვს… რისთვის უნდა წავიდე ამ სამოთხიდან?