- ნანუკა, სად ნახა უცხოელმა დიზაინერმა თქვენი ნამუშევრები და როგორ შეაფასა ისინი?
— ეს ფრიად სასიხარულო ამბავი ხელოვნების საერთაშორისო სამიტის ორგანიზატორმა, ირინა მანიამ შემატყობინა. მოგახსენებთ, რომ სამიტის 174 მონაწილეს შორის, მან თავის ჯგუფში 14 ქართველი ხელოვანი აირჩია და მათ შორის მეც ვარ. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ის თავად არის დამფუძნებელი იმ ახალი ბრენდისა, რაც ტყავისგან შექმნილ აქსესუარებს მოიცავს. ჩემი ნამუშევრები მან სწორედ ამ სამიტის მონაწილეთა ნამუშევრებში გამოარჩია.
- სად მოხდა თქვენი შეხვედრა?
— ჩვენი შეხვედრა შედგა ტრენინგზე და შემდგომ ვორქ-შოფებზე, სადაც მან თავისი გამოცდილება გაგვიზიარა და მუშაობის პრინციპებისა დამიმართულებების შესახებ გვესაუბრა. როცა ჯგუფი შევიკრიბეთ, მან გვთხოვა, რომ მისთვის ჩვენი ბეგრაუნდი გაგვეცნო და საკუთარი ნამუშერებიც წარმოგვედგინა. ასადმა და სამერმა, რომელიც მსოფლიოში „კრეატივ დიალოგოს“ საზოგადოების დამფუძნებელია, მსგავს ვორქ- შოფებს, ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს არა ერთ ქვეყანაში ატარებს. პირველად ასადმა თავად მოიტანა სკამი და ჩვენს მაგიდასთან დაჯდა. მას გვერდით სამერი დაუჯდა და ჩვენი საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მან დეტალურად გამომკითხა თუ როგორ ვამუშავებდი ტყავს და რა ტექნოლოგიით ვხატავდი მას, აგრეთვე რამდენის დამზადება შემეძლო დღეში. სამერმა მითხრა, რომ ალბათ თქვენს ნამუშევრებს ასეთივე კრეატიულ შეფუთვას უკეთებთ და აუცილებლად გვაჩვენეთო. როდესაც ნახეს, ძალიან მოეწონათ ჩემი ნამუშევრები. განსაკუთრებით ჩანთა, რომელიც ბამბუკისა და ტყავის მიქსია. ასადმა მასზე თქვა, რომ ის ბრწყინვალეა!
-რაიმე სამომავლო იდეა ხომ არ გაუმხილე მას?
— დიახ, ასადს გავაცანი ჩემი იდეა, რომ ტყავისგან „ვეფხისტყაოსანის” სიუჟეტების გაკეთებას ვაპირებ. მან მოიწონა ეს იდეა და მითხრა, რომ თქვენს ნამუშევრებში აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული თქვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაო. ალბათ როცა ამ ნამუშევარს დავასრულებ, მას აუცილებლად გავუზიარებ.
-ნანუკა, რამდენადაც ვიცი, მან ამ შეხვედრაზე ქართველ ხელოვანებს შორის კონკურსის მსგავსი შეჯიბრი მოაწყო…
— ამ ვორქშოფში რამდენიმე ძლიერი და ძალიან ნიჭიერი ჩემი კოლეგაც მონაწილეობდა. ასადმა გადაწყვიტა, რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ორი ძლიერი ხელოვანის ტანდემი შეექმნა. რაც მართლაც რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა. მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, რომ მე ვთხოვე მას, რომ ამ ტანდემისთვის აერჩია ხელოვანი, რომელიც ქარგვაზე მუშაობდა. საამისოდ შევარჩიე ნინო არაბული, რომელიც ხევსურულ ნაქარგობებზე მუშაობს. თავად ასადმა კი მეტი ინოვაციისთვის შეარჩია ნიჭიერი და კრეატიული მაიკო არჩვაძე —ეს იყო ტყავისა და პოლიმერული თიხის მიქსი. ამგვარ ტანდემს ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. უნდა ითქვას, რომ ძალიან რთული დავალება მოგვცა — მინიმალისტურად გადაწყვეტილი, სიმეტრიული და დახვეწილი პრინცესას სამკაული — სამაჯური შეგვექმნა. საამისოდ საკმაოდ მცირე დროსა და ექსტრემალურ პირობებში ჩვენ დავამზადეთ ასეთი სამაჯური, რამაც ასადისა და სამარის დიდი მოწონება დაიმსახურა.
რაც ყველაზე მთავარია, ჩემი ინიციატივითა და მაიკოს თანხმობით, ჩვენ ეს სამაჯური, რომელსაც კლეოპატრას სამაჯური დავარქვით, ლედი გაგას საჩუქრად გავუგზავნეთ. ამის მერე ჩვენ საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ, ვნახოთ, რა იქნება. ჩემს სამომავლო გეგმებში ბევრი რამ შედის, ერთ-ერთი სწორედ ამ ვორქ-შოფზე დაწყებული ჩემი და მაიკოს ტანდემის გაგრძელებაა. ეს შემოქმედებითი კავშირი დარწმუნებული ვარ, არა ერთ წარმატებას მოგვიტანს და გამარჯვებით დაგვირგვინდება.