თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული იასარ ო. დააკავეს, იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.
იასარ ო.-ს, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს: შეიარაღებულ ძარცვას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის დაზიანებას, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას.
ამჟამად იასარ ო.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.