თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსმა" (GWP) წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა — ახალი ჰიდროელექტროსადგული საგურამოჰესი“ გახსნა, ჰესის გახსნის ცერემონიას დაესწრო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
გიორგი კვირიკაშვილმა GWP-ს პროექტის დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესი ხელს შეუწყობს თბილისის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფას.
„სწორედ ამ ტიპის — ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ჰესი განხორციელებულია ეგრეთ წოდებული „მწვანე ჰესის" უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით“, — განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ჰესი, რომლის მშენებლობისთვისაც კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიღო, შესაძლებელს ხდის თბილისის გარანტირებულად სტაბილურ წყალმომარაგებას.
„ეს პროექტი არის გამოცდილ ევროპელ სპეციალისტებთან წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი“, — დაამატა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისათვის: „საგურამოჰესის“ აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-მდეა, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 32 მლნ.კვტ\სთ.
„საგურამოჰესის“ ტურბინა-გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები ავსტრიულმა კომპანია ANDRITZ HYDRO SAS-მა დაამზადა, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში.