რა გზავნილებს უნდა შეიცავდეს პარტიის სლოგანი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო პლაკატები
წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი არა მხოლოდ ორიგინალურობით უნდა გამოირჩეოდეს, არამედ უნდა მუშაობდეს კიდეც, მიაჩნია PR–ის სპეციალისტ ნინა პერტენავას.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. პარტიის სლოგანი ორიგინალურიც უნდა იყოს და უნდა მუშაობდეს კიდეც, განაცხადა PR–ტექნოლოგიების სპეციალისტმა ნინა პერტენავამ.

„ამომრჩევლები პარტიების სლოგანს ყოველთვის აქცევენ ყურადღებას. ის არ უნდა იყოს არც ძალიან გრძელი, არც ძალიან  მოკლე და ძირითად  სათქმელს უნდა გამოხატავდეს. თანამედროვე PR–ტექნოლოგიებში სპეციალური სიტყვებიც კი არსებობს, რომელთა გამოყენებაც სლოგანში  რეკომენდებულია“ — განუცხადა ნინა პერტენავამ „Sputnik-ს“.

მისი თქმით,  კონკრეტული სიტყვების ჩამონათვალიც კი არსებობს,  მაგალითად – „სამშობლოს სიყვარული“, „სიკეთე“ —რომლებიც ამომრჩევლებში  დადებით ემოციებს იწვევეს. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი გუნდის წინასაარჩევნო სლოგანია „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ  ქვეყნამ განვითარება უნდა გააგრძელოს.  

„რესპუბლიკური პარტიის“ სლოგანია „გათავისუფლდი“. პარტიაში მიაჩნიათ, რომ თავისუფალი ადამიანები შეძლებენ  საზოგადოებრივი პრობლემებისგან გათავისუფლებას.  

ნინა პერტეპერტენავა: „არჩევნებზე სლოგანს ყოველთვის ექცევა ყურადღება“

„ბურჯანაძე — დემოკრატები“ აქცენტს „უბლოკო სტატუსზე“  აკეთებენ და სჯერათ, რომ  ეს საქართველოს გამთლიანებას  შეუწყობს ხელს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  2016 წელს სლოგანს —„ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის“ ირჩევს და ამით ხაზს უსვამს, რომ პარტია  მუდმივად განახლებადია. 

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა კი პრიორიტეტად ხალხის სამსახურში ყოფნას ასახელებს. 

სოციალურ ქსელში ორიგინალური სლოგანებიც ჩნდება. მაგალითად, მთაწმინდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაჟა მთავრიშვილის საარჩევნო სლოგანმა — „თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელსაო“ ზოგი ინტერნეტ–მომხმარებელი გაამხიარულა კიდეც. თვითონ კანდიდატმა კი Sputnik–თან საუბრისას აღნიშნა: „ამით ამომრჩეველს ის მინდა ვუთხრა, რომ მათ ყველაზე ღირსეული  კანდიდატი უნდა აირჩიონ“.

პარტია „საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  თავისი  საარჩევნო პლაკატი თურმე სახლში დაამზადა  და  სლოგანთან ერთად  მას, ამომრჩეველისთვის  მასთან დაკავშირების შესაძლებლობის მიზნით, ტელეფონის ნომერიც დაურთო. 

ნინა პერტენავას აზრით, მხოლოდ სხვებისგან გამორჩეულობა სლოგანის მფლობელს არჩევნებზე წარმატებას ვერ მოუტანს. 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, PP- სპეციალისტს „ქართული ოცნების“ სლოგანში სიტყვა „სწრაფი განვითარება“ არ მოსწონს, რადგან ის არ შეესაბამება გუნდს, რომელიც ქვეყანას უკვე 4 წელი მართავს.  

„რესპუბლიკელების“ სლოგანი, მართალია ორიგინალურია და პრეზენტაციაც დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ კომპანია „ბორჯომის“ სატელევიზიო რეკლამის სლოგანთან „გათავისუფლდი ზედმეტისგან“ მოდის თანხვედრაში.  

ნინა პერტენავა „ნაციონალური მოძრაობის“ სლოგანს „ნორმალურს“ უწოდებს,  ხოლო ბურჯანაძის პარტიის სლოგანს – ნაკლებად დასამახსოვრებელს. 

PR–სპეციალისტი გამოყოფს  პაატა ბურჭულაძის პარტიის სლოგანს. 

„ეტყობა, რომ ნაფიქრიც არის  და მიმართულებაც ნაჩვენებია“ — აღნიშნა ნინა პერტენავამ.  


ყველა ახალი ამბავი
0