ლიკა გიორგაძემ ემიგრანტების სახელით მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიას ხატი შესწირა

© FB/ლიკა გიორგაძეღვთისმშობლის მოწყალე მოალერსე ხატთან
ღვთისმშობლის მოწყალე მოალერსე ხატთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეებში ამერიკიდან საქართველოში ჩამოვიდა ქველმოქმედი ქართველი ემიგრანტი ლიკა გიორგაძე, რომელმაც მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიისთვის შესაწირავად საკუთარი ხარჯებით დაწერილი მოწყალე მოალერსე ღვთისმშობლის ხატი საქართველოს საპატრიარქოში მიაბრძანა. ხატი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

— ქალბატონო ლიკა, პატრიარქთან სტუმრობამ როგორ ჩაიარა? 

— პატრიარქთან სტუმრობამ კარგად ჩაიარა, მასთან ბევრი ხალხი იყო, თან საღამოს ლოცვები ჩატარდა და ხატი პირადად უწმინდესმა აკურთხა. ამ ხატის დაწერის სურვილი ემიგრაციაში გამიჩნდა. მოგეხსენებათ, უცხოეთში რა რთულ მდგომარეობაში ვართ ქართველი ემიგრანტები და ღმერთის წყალობასა და მფარველობას ყოველთვის ვგრძნობთ, ამიტომ ეს ხატი მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიას ყველა მათგანის სახელითაც შევწირე.

© courtesy of Lika Giorgadzeღვთისმშობლის მოწყალე მოალერსე ხატი
ღვთისმშობლის მოწყალე მოალერსე ხატი - Sputnik საქართველო
ღვთისმშობლის მოწყალე მოალერსე ხატი

— ეს თქვენ მიერ შეწირული პირველი ხატი არ არის…  

— დიახ, ეს არ გახლავთ პირველი ხატი, მაგრამ ჯერ ის მინდა გითხრათ, რომ ეს ხატიც არაჩვეულებრივმა ადამიანმა და ნიჭიერმა მხატვარმა, მამუკა გიორგაძემ შექმნა. იგი სოფელ საზანოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პატარა ეკლესიისთვის დაიწერა. ეს არის ადგილი, სადაც1981 წლის 26 აპრილს უფალმა ყველაზე დიდი სასწაული და საიდუმლოს მხილველი გამხადა და ამისთვის მადლობა უფალს. ეს ხატი სასწაულებრივად დაიწერა და შეიქმნა. მე მყავს ერთი უსაყვარლესი ღვიძლი ძმა, გელა გიორგაძე და კიდევ შევიძინე სულიერი ძმა, მამუკა გიორგაძე, რომელსაც ოქროს ხელები აქვს. 

ქართველი ემიგრანტების სახელით შეწირული ხატი პატრიარქმა აკურთხა

— ქალბატონო ლიკა, ვიცი, რომ თქვენი პრინციპული პოზიციაა, რომ შვილებმა ამერიკაში ქართველობა შეინარჩუნონ და ენა არ დაივიწყონ…

— ნამდვილად ასეა. ჩემმა ბიჭმა ყველა ის ქართული სიტყვა უნდა იცოდეს, რასაც და როგორც ქართველები ვლაპარაკობთ. მან ნიუ-ჯერსის რუზველტის სახელობის სკოლა დაამთავრა და High school-ში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაჩი ამერიკაში იზრდება, ქართულ იუმორს განსაკუთრებით კარგად გრძნობს და იგებს. ასეთი პატარა რომ ქართული იუმორით გიპასუხებს, იმის შიში მიქრება, რომ ჩემი შვილი გაამერიკელდება. ამერიკაში ხუთი წლის წინ ჩავედი. სულ რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი, რომ ერთმა ქართულმა ოჯახმა დაგვპატიჟა წვეულებაზე, სადაც ქართველები შეკრიბა. მანქანით რომ მივადექი სახლს და ერთად შეკრებილი ამდენი ქართველი დავინახე, გული სიხარულით ამევსო. ეზო მოჟრიამულე ბავშვებით იყო სავსე. სუფრაც იქვე გაეშალათ. ჩემ გვერდით ადრე ჩამოსული ქართველები ისხდნენ. არცერთს არ ვიცნობდი, ამიტომ მივესალმე ქართულად და მერე ჩუმად ვიყავი. მათ ვუსმენდი, ქართველების თითქმის უმრავლესობა ერთმანეთს ინგლისურად  ელაპარაკებოდა, ბავშვებსაც ინგლისურად ეძახდნენ. გულზე შემომეყარა, რომ ბავშვების უმრავლესობამ ქართული არ იცოდა. ჩემ გვერდით მჯდომ ქალს ვკითხე: ქართულად რატომ არ ეძახით-თქო. მითხრა, არ იცის ქართულიო. უცებ ტირილი ამივარდა, საჭმელიც არ მიჭამია, იმ სუფრასთან მარტო მე მომდიოდა ცრემლები. მახსოვს, ხმამაღლა რომ არ მეტირა, თავს ვიკავებდი და ცრემლებს ჩუმად ვიმშრალებდი. ღმერთო, აქ სად გადმოვიხვეწე? ამ საშინელ განსაცდელს ამაშორე-თქო… უცებ ჩემი პატარა ბიჭი, დაჩი გამახსენდა, რომელიც იმ ბავშვებთან ერთად ეზოში დარბოდა. გავიფიქრე: მოვკვდები, ჩემს შვილს ქართული ლაპარაკი რომ დაავიწყდეს-თქო. იმ წუთში იმხელა სტრესი და ემოციური დარტყმა მიიღო ჩემმა ტვინმა, რომ ინგლისურად ახლაც ვერ ვლაპარაკობ. თითქოს, ვეურჩები და ვეჯიუტები ჩემს ტვინს, რომ არ ვისწავლო ინგლისური ისე, როგორც ისინი მეტყველებდნენ.

© FB/ლიკა გიორგაძელიკა გიორგაძე მანჰეტენის ხედზე
ლიკა გიორგაძე მანჰეტენის ხედზე - Sputnik საქართველო
ლიკა გიორგაძე მანჰეტენის ხედზე

— როგორ ფიქრობთ, ცვლის თუ არა გარემოპირობები ადამიანს?

— მე გამოვიარე ჯოჯოხეთი, უსიყვარულობა, გამოვიარე დიდი ტკივილი, უსამართლობა, დაცინვა, დამცირება, არ მქონია ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება, როგორც იტყვიან, ჩემს გასავლელ გოლგოთას 10 წლიდან შევუდექი. ამიტომ იმ ლიკას, რომელსაც ახლა ხედავენ, მიუხედავად გამოვლილი მწარე ცხოვრებისა, გული მაინც უსაზღვრო სიყვარულით აქვს სავსე ადამიანების მიმართ… ჩემს სახლს ამერიკაში, სადაც ხუთი წელიწადია ვცხოვრობ, გარშემო ტყე აკრავს და ყოველსაღამოს ეზო ირმებით და შვლებითაა სავსე. აქ რომც გინდოდეს, არაფერზე ინერვიულებ, ისეთი სიმშვიდეა, ისეთი სიწყნარე და სილამაზე… მაგრამ იცით, ჩემი მოუვლელი და უწესრიგო საქართველო მირჩევნია. სადაც მჯერა, რომ ღმერთი აუცილებლად დამაბრუნებს. 10-15 წლის ჩამოსულმა ისე როგორ უნდა „იბლატაო“ თუ „ისვეტსკაო“, არ ვიცი, რაც გინდათ, ის დაარქვით, რომ შენს საკუთარ შვილს ქართული ლაპარაკი დაავიწყო?!.. ამასწინათ ვკითხულობდი, ფერეიდანში ქართველებმა ანბანის ძეგლი დადგესო და აქ, ამერიკაში, 10-15 წლის ჩამოსულიქართველების შვილებმა ქართულად ლაპარაკი არ იციან და არც აწუხებთ. სულ ვიმეორებ: ღმერთო, მაპატიე, რომ დავტოვე ჩემი სამშობლო და მომეცი ძალა და სულის სიმტკიცე, რომ ავიტანო ის ტკივილი, რასაც განვიცდი, მომეცი ძალა, რომ სამშობლოს ჩემი შვილები ღირსეულად დავუბრუნო…


ყველა ახალი ამბავი
0