რას ნიშნავს ზოგადი უნარები და რისთვისაა აუცილებელი მათი ფლობა?

© FB/Tamar Kikvidzeთამარ კიკვიძე
თამარ კიკვიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბედნიერებაა, როცა წლის დასაწყისში მოსწავლე ეჭვის თვალით გიყურებს, ბოლომდე არ გენდობა და წლის ბოლოს მოსწავლე-მასწავლებელს ერთმანეთთან დაშორება გიჭირთ. მოსწავლეები მასწავლებლებს სიყვარულის უნარს გვივარჯიშებენ…

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მუსირებს აზრი, რომ ზოგად უნარებს, რომლის ფლობას საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების დროს აბიტურიენტს (და არა მარტო აბიტურიენტს) მოეთხოვება, ფსიქიატრები ხმარობდნენ როგორც ტერმინს- ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის კონტაქტურობისა და ადეკვატურობის ხარისხის დადგენის მიზნით.  საკითხში გასარკვევად დავუკავშირდი თამარ კიკვიძეს, რომელიც განათლებით ფსიქოლოგია, წარსულში ჟურნალისტი იყო, ამჟამად პედაგოგი გახლავთ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ლოგიკის საგანს ასწავლის. 

© FB/Tamar Kikvidzeთამარ კიკვიძე მოსწავლეებთან ერთად
თამარ კიკვიძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
თამარ კიკვიძე მოსწავლეებთან ერთად

- ქალბატონო თამარ, თავიდანვე მინდა გკითხოთ, რისთვისაა საჭირო უმაღლეს სასწავლებელში ზოგადი უნარების ჩაბარება?

— თუ კი იმაში ვთანხმდებით, რომ სწავლის (ცხოვრების) ახალ, უმაღლეს საფეხურზე ასვლისთვის საჭიროა უცხო ენის ცოდნა და კონკრეტული სპეციალობებისთვის კონკრეტული დარგების საფუძვლების ცოდნა, ასევე ლოგიკის ცოდნა და ფლობა არის საჭირო ყველა სპეციალობის ადამიანისთვის, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ახალი ინფორმაციის და ცოდნის  სწორი ფორმებით შეძენა-გადამუშავება,  სწორი ფორმებით აზროვნება. ზოგიერთი ამ გამოცდას ზედმეტად თვლის. გამოცდა კი არ უნდა მოვხსნათ, პირიქით, ის კარგად გვიჩვენებს მოსწავლის, აბიტურიენტის, მაგისტრის, დოქტორანტის, სამსახურის მაძიებელთა მზადყოფნას ცხოვრების კონკრეტული საფეხურისთვის. 12 წელია, აბიტურიენტებს, მათ მშობლებს, სრულიად მართებული შფოთვა აქვთ მის მიმართ. იციან, რომ უნარი მათ ფსიქიკურ მდგომარეობას, შესაძლებლობასაც გულისხმობს, მაგრამ კონკრეტულად, რითი ავლენენ, არ იციან. საერთოდ, ზოგად ცნებას კონკრეტული მოცემულობისთვის სჭირდება დაზუსტება: „უნარი“ — რისი უნარი, რაში ვლინდება და როგორ ვლინდება. მე რომ ვთქვა, სახლში მყავს „ცხოველი“, ვინმე მიხვდება, რა ცხოველი მყავს? მოდით, ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ: „ზოგად უნარად“ სახელდებული საგანი გულისხმობს კონკრეტული დარგების: ლოგიკის, ანალიტიკური აზროვნების და მათემატიკის ცოდნას. ეს ყველაფერი ყოფა-ცხოვრებაში ყოველდღიურად გვჭირდება და ვიყენებთ კიდევაც, მაგრამ, როგორ და რამდენად სწორი ფორმებით ვახერხებთ ამას,  ეს სხვა თემაა…  

ზოგადი უნარები - ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის ადეკვატურობის დასადგენი ტესტი თუ?..

-ცნობილია, რომ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში ასწავლიდნენ ლოგიკასაც და ფსიქოლოგიასაც და, თურმე, როდესაც ამ თაობის ინტელექტუალური კოეფიციენტი გამოიკვლიეს, გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე შემდეგი თაობების.

— მოდით, შევთანხმდეთ, რომ აზრი (წინადადება) „ვასწავლოთ“ იყოს ჭეშმარიტი და „მოვთხოვოთ“ იყოს ჭეშმარიტი  და რომ ცხოვრებაში ორივე ერთდროულად მჭირდება. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც მცდარი მდგომარეობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ასწავლიდნენ სკოლებში, რადგან სხვა საგნების დარად გამოცდების ფორმით მათ ჩაბარებას არ თხოვდნენ და მხოლოდ ჩათვლით იფარგლებოდნენ. ანუ, მოთხოვნა იყო შესუსტებული და საერთო მდგომარეობა იყო მცდარი. შემდეგ, 70-80-იანებში სკოლაში (უმაღლესებში კი ასწავლიდნენ, როგორც ახლა, ცალკეულ დარგებზე, მაგალითად, ფსიქოლოგიაზე, იურიდიულზე, პოლიტოლოგიაზე, ინფორმატიკაზე) აღარც ასწავლიდნენ და აღარც თხოვდნენ — ესეც ისევ მცდარი მდგომარეობაა; 2005 წლის მერე თხოვენ და არ ასწავლიან — ისევ მცდარი მდგომარეობა. ხომ უნდა მივიდეთ ჭეშმარიტებამდე? ანუ, უნდა „ვასწავლოთ და მოვთხოვოთ“. ის, რომ უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ეს გამოცდა ამ ფორმით ტარდება, სწორია. მაგრამ არასწორი იყო და არის საფუძვლის გარეშე ამის მოთხოვნა; ის, რომ იმ პირველ წლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა დაფინანსება მხოლოდ ამ გამოცდის მიხედვით ხდებოდა-არასწორი იყო, მაშინ სხვა საგნებს რატომღა აბარებინებდნენ? (აქაც დარღვეული იყო  ლოგიკის კანონები). რატომ ხდებოდა ასე და რატომ შემორჩა დღემდე ზოგადი სახელი ამ გამოცდას, ახლა თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა.

-ქალბატონო თამარ, თქვენ მოსწავლეებს ლოგიკას ასწავლით. მარტივად როგორ განუმარტავთ მოსწავლეებს, რატომ გვჭირდება ცხოვრებაში ლოგიკა?

— მაგალითად, ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები: როცა გინდათ „თეატრში ან მეგობართან წასვლა“ და დედას ჰგონია, რომ გეწინააღმდეგებათ და გეუბნებათ: „არ წახვალ თეატრში ან მეგობართან“, მე ვუხსნი, რომ შეუძლიათ, შეისრულონ ან ერთი, ან მეორე სურვილი. თუ რატომ, ეს ლოგიკის საქმეა. ლოგიკა, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგი, რომ 25 საუკუნეს ითვლის, ამაზე მეცნიერები შეთანხმებული არიან. წარმოვიდგენ, რომ პირველ გაკვეთილს ვატარებ და განვმარტავ —ლოგიკა არის მეცნიერება აზროვნების სწორი ფორმების, აზროვნების სწორი ფორმებით მანიპულაციის შესახებ — ფორმების და არა შინაარსის. ამიტომ შეიძლება, ჟირაფი დაფრინავდეს, ან ნინის ფრთები ჰქონდეს (დღემდე ვერ შევეგუეთ ამ შინაარსს და ნერვებს გვიშლის); ლოგიკას აინტერესებს სუბიექტსა და პრედიკატს შორის მიმართება, აი, ამ ნიშან-თვისებით რამდენი სუბიექტია-ყველა, ზოგიერთი,  თუ არც ერთი, რა მიმართებაში არიან ესენი ერთმანეთთან. ლოგიკაში მსჯელობის მიზანი — საბოლოოდ ჭეშმარიტების დადგენაა, მაგრამ როგორ, რა ხერხებით, რა საშუალებებით, რა ფორმებით ვახერხებთ ამას, როგორია არგუმენტი, როგორ გამოგვყავს თეზისი — აი, ესაა საინტერესო, ამას თავისი კანონები აქვს. ახლახან, ოლიმპიადაზე წამსვლელ სპორტსმენთა სამოსზე კამათისას, დავარღვიეთ ლოგიკის პირველივე იგივეობის კანონი, არ შევთანხმდით წინასწარ, სამოსის ავ-კარგიანობა განგვეხილა, როგორც თავად სამოსისა, თუ სამოსი განგვეხილა, როგორც სპორტსმენების ჩასაცმელი და განგვეხილა როგორც კონკრეტულ ადგილზე და კონკრეტულ სიტუაციაში გამოსაყენებელი რამ. შესაბამისად, კამათიდან ვერც დასკვნა გამოვიტანეთ და გადავედით ემოციების გამოხატვაზე. სხვათა შორის, ეს ლოგიკაში ბჭობის მიზანმიმართული დარღვევის ერთ-ერთი მეთოდია (ჯერ კიდევ ძველად აღნიშნავდნენ, რომ დარღვევის მიხვედრა ზოგჯერ გონებამახვილ ადამიანსაც კი უჭირთ). ოღონდ, ჩვენ ეს უნებლიედ გამოგვივიდა, ამის საფუძველი ისევ რაღაცის უცოდინარობა იყო. ვინ უნდა შეადგინოს საგამოცდო ტესტები ლოგიკაში, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა. 

© FB/Tamar Kikvidze თამარ კიკვიძე
 თამარ კიკვიძე - Sputnik საქართველო
თამარ კიკვიძე

- ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ, პედაგოგებს რას „გასწავლიან“ მოსწავლეები, ანუ მათთან ურთიერთობა რას გაძლევთ?

— ამას წინათ მივხვდი — ბედნიერებაა, როცა წლის დასაწყისში მოსწავლე ეჭვის თვალით გიყურებს, ბოლომდე არ გენდობა და წლის ბოლოს მოსწავლე-მასწავლებელს ერთმანეთთან დაშორება გიჭირთ. მოსწავლეები მასწავლებლებს სიყვარულის უნარს გვივარჯიშებენ…

ყველა ახალი ამბავი
0