თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი სამხედრო მომზადების ცენტრი სამი წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა სასწავლო ცენტრ „კრწანისში“.
ცენტრის პირად შემადგენლობას სამი წლის იუბილე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.
„მიხარია, რომ ახალ ქართველ სამხედროებს შევხვდი. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად რთული პროგრამისა, ყველა მათგანი ბოლომდე მიაღწევს… ეს ხალხი არის ძალა, რომელმაც უნდა შეავსოს პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა რიგები“, — აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
მისი თქმით, ცენტრი უნარიანი სერჟანტებით და ოფიცრებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ჯარისკაცთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.
გენერალური შტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრში მომზადებას ხუთას კაცში თოთხმეტი ქალბატონიც გადის და „მათი შემართება დასაფასებელია“.