თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი და საფრანგეთის „რეიმსის“ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში ირლანდიისა და უელსის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ფეხბურთელი ამბობს, რომ ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ არ აღუდგენია ფიზიკური ფორმა და მზად არ არის მოედანზე გასასვლელად.
ამ სეზონზე კანკავას ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია „რეიმსის“ შემადგენლობაში. უფრო მეტიც, ის ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს გუნდთან ერთად და ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კვალიფიკაციის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოქტომბრის დასაწყისში ორ გასვლით მატჩს გამართავს. 6 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები ირლანდიელებს შეხვდებიან დუბლინში, სამი დღის შემდეგ კი — უელსის გუნდს კარდიფში.