თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებისათვის ხელისუფლება გააკრიტიკეს.
რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ახალი ვიდეოჩანაწერი საპარლამენტო არჩევნების წინ გასაჯაროვდა. აღნიშნული ვიდეო პროკურატურამ ექს-ჩინოვნიკების ბრალეულობის ერთგვარ მტკიცებულებად გაავრცელა.
„რომელი მესამე სექტორი? ის მესამე სექტორი, რომელიც გასვრილია? მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ მათ გარყვნეს სამოქალაქო სექტორი. მასში ისეთი ადამიანები შედიან და ზედა ნიშას იჭერენ, რომლებიც ხშირად „ნაცმოძრაობის“ წევრებზე უფრო აგრესიულები არიან“, — განაცხადა ივანისვილმა მასმედიის წევრებთან შეხვედრაზე.
ივანიშვილმა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა —საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური გააკრიტიკა.
„მე მესამე სექტორს არ ვაკრიტიკებ, ხოლო ადამიანებს, რომლებმაც მესამე სექტორში თავშესაფარი იპოვეს. დაე, ისინი ნუ გასვრიან ამ სექტორს, დაე, ისინი გამოვიდნენ და ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვან და თქვან, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, — განაცხადა ივანიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმეზე ახალი დეტალები, მათ შორის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ მოუწოდებს დათა ახალაია (იმ დროს კუდ-ის უფროსი) ძალოვანებს, დააკავონ რაც შეიძლება მეტი ხალხი და მათ პრემიებს ჰპირდება. იქვე აღნიშნულია, რომ ექსპერტიზამ ვიდეოს ავთენტურობა დაამტკიცა.