„საშინელებათა მეფე“ სტივენ კინგი და… ინდოელი მანიაკი

© FB/Stephen Kingსტივენ კინგი - „საშინელებათა მეფე“
სტივენ კინგი - „საშინელებათა მეფე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

კი წარმოვთქვი ეს ჩვეული და ტრადიციული  სიტყვები, მაგრამ დღეს ჩვენს აივანზე განსაკუთრებულ მშვიდობას ვერ დაგპირდებით. შერჩეული თემის მიხედვით, აუცილებელია, სულ ოდნავი შიშის თუ არა,  შეშფოთების გრძნობა მაინც დაგეუფლოთ.

მაგალითად, დღეს ვაპირებ, სიგარეტებზე მოგიკიდოთ დისტანციურად — მხოლოდ სიგარეტის მიმართულებით „გაშვებული“ მზერის მეშვეობით. არ ინერვიულოთ, გუშინ მთელი დღე ვვარჯიშობდი და ხელს არ დაგწვავთ.

გარდა ამისა, ჩვენს აივანზე დღეს  რამდენიმე  მანიაკიც შემოივლის, მაგრამ ნურც ამის  შეგეშინდებათ. ისინი წინასწარ დავიახლოვე და დამპირდნენ, რომ კარგად და წესიერად მოიქცევიან.

აი, ერთ დღევანდელ აქსესუარს კი, რომლისაც ზოგიერთ ქალს მანიაკებზე უფრო მეტად ეშინია, ანუ 2 პატარა წრუწუნას კი  უნდა რამენაირად შეეგუოთ, რადგანაც მას შემდეგ, რაც ვუყურე ცნობილ თრილერს „მწვანე მილი“, ყველა წრუწუნა მიყვარს და მისტერ ჯინგლსი მგონია.

© FB/Stephen Kingსტივენ კინგი მარლოუსთან ერთად. 1995 წელი, 20 ივლისი
სტივენ კინგი მარლოუსთან ერთად. 1995 წელი, 20 ივლისი - Sputnik საქართველო
სტივენ კინგი მარლოუსთან ერთად. 1995 წელი, 20 ივლისი

ის, ვისაც ჩემსავით უყვარს თრილერები (არ აგერიოთ „საშინელებათა“ იაფფასიან ფილმებში), უკვე მიხვდებოდნენ, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თრილერების: „ქერი“, „მკვდარი ზონა“, „ნათება“, „კატის თვალი“,  „მძვინვარება“, „ხანგრძლივი გასეირნება“, „მორბენალი ადამიანი“, „წონაში იკლებს“, „მიზერი“, „საიდუმლო ფანჯარა“, „სიმინდის ბავშვები“, „გაქცევა შოუშენგიდან“, „მწვანე მილი“ და სხვათა ავტორს, თავადაც საიდუმლო, ადამიან-თრილერს — სტივენ კინგს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1947 წლის 21 სექტემბერს.

მინდა გამოგიტყდეთ, რომ სტივენ კინგის  თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი და ვერაფრით ვერ დავეთანხმები ზოგიერთის აზრს, რომ თრილერი არ არის ხელოვნება. თრილერს გააჩნია.

© FB/Stephen Kingსტივენ კინგი, 1983 წელი, საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე
სტივენ კინგი, 1983 წელი, საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
სტივენ კინგი, 1983 წელი, საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე

მაგალითად ფილმი „ყვირილი 1“,  „ყვირილი 2“ და ასე შემდეგ მანამ, სანამ მართლა არ იყვირებ, ან „მე ვიცი, რას აკეთებდით თქვენ გასულ ზაფხულს 1“, „მე ვიცი, რას აკეთებდით თქვენ გასულ ზაფხულს 2“ და ასე გლობალურ დათბობამდე, რაღა თქმა უნდა, არასერიოზული ფილმებია და მხოლოდ გარკვეულ აუდოტორიაზეა გათვლილი.

სტივენ კინგის სცნარით შექმნილი ფილმები კი სულ სხვაა. განსაკუთრებით ისეთები, რომლებშიც თამაშზე სიამოვნებით თანხმდებიან ჯონ ნიკოლსონი, ტომ ჰენქსი, არნოლდ შვარცენეგერი, პოლ შელდონი, კეტი ბეისი, ტიმ მორგანი, ენდი დიუფრეინი, დრიუ ბერიმორი (ბავშვობაში) და ა.შ. ეს უკვე კლასიკაა.

სხვათაშორის, სტივენ კინგს, როგორც მწერალს, მიღებული აქვს ბრემ სტოკერის პრემია, მსოფლიო პრემია „Fantasy“ (21-ჯერ!),  ბრიტანული საზოგადოება „Fantasy“-ს უმაღლესი ჯილდო (14-ჯერ!), ო’ჰენრის პრემია, წიგნების ეროვნული ფონდის მედალი, ამერიკულ ლიტერატურაში ღვაწლისთვის. სტივენ კინგი ასევე გახლავთ ამერიკელი მწერალი-მისტიკოსების „დიდი მაგისტრი“. ხალხში კი მას ეძახიან „საშინელებათა მეფეს“ (გათამაშებულია მისი გვარი King, რაც თარგმანში მეფეს ნიშნავს).

ძალიან მომწონს სტივენ კინგის  პასუხი შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის საკუთარ თავს დიდ მწერლად:

„თუ თქვენ რამე დაწერეთ, რისთვისაც თქვენ გამოგიგზავნეს ჩეკი, რომლითაც თქვენ გადაიხადეთ შუქისა და გათბობის საფასური, ჩემი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ  ნიჭიერი ხართ“.

სტივენ კინგი დაიბადა მენის შტატის ქალაქ პორტლენდში, საზღვაო ფლოტის კაპიტნის დონალდ კინგის ოჯახში. მისი დაბადების მომენტისთვის მისი მშობლები უკვე ორი წელი ზრდიდნენ ნაშვილებ ბიჭს, სახელად დევიდს, რადგანაც ექიმებმა სტივენის დედას  უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს. სტივენი მიიჩნევს, რომ ის ყოველთვის მოულოდნელი და არაპროგნოზირებადია ისევე, როგორც მისი თავად ამ ქვეყნად მოსვლა.

საინტერესოა, რომ სტივენი კინგი  2 წლის იყო, როდესაც მისი მამა გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა. ეს მოხდა 1949 წელს. მხოლოდ 1990 წელს გახდა ცნობილი, რომ დონალდი სინამდვილეში არსადაც არ გამქრალა. ის უბრალოდ მეზობლად გადავიდა საცხოვრებლად, თავის მეორე მეუღლესთან, რომელიც ჩამოუყვანია ბრაზილიაში ერთ-ერთი მოგზაურობის  შემდეგ და ვისთანაც 4 შვილს ზრდიდა.

© FB/Stephen Kingამერიკულ ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის სტივენ კინგს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული
ამერიკულ ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის სტივენ კინგს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული - Sputnik საქართველო
ამერიკულ ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის სტივენ კინგს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული

მამის ოჯახიდან წასვლის შემდეგ სტივენი, დედა და მისი ძმა ბევრს მოგზაურობდნენ, მოუწიათ ცხოვრება ჩიკაგოში, ინდიანას, მასაჩუსეტსის, ვისკონსინის და კონექტიკუტის შტატებში, სანამ ისინი საბოლოოდ არ დასასხლდნენ მენის შტატის ქალაქ სკარბოროში. სტივენი ბევრს ავადმყოფობდა და დედამისმა ურჩია, წამლებისა და ექიმებისგან  თავისუფალ დროს.  წერა დაეწყო. სტივენი მაშინ სულ 12 წლის იყო, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში შექმნილ პატარა მოთხრობებს მიიჩნევს სამწერლო კარიერის დასაწყისად.

სერიოზული კარიერა კი სტივენმა დაიწყო 1959 წელს, როდესაც ძმასთან ერთად გამოუშვა საკუთარი გაზეთი, რომელშიც  ქვეყნდებოდა სიახლეები, სტივენი კი საყვარელ ტელეშოუებსა და ფილმებზე საინტერესო რეცენზიებს წერდა.

1966 წელს სტივენმა მენის შტატის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ტაბიტა სირუსი, 1971 წელს ცოლად მოიყვანა და რომელთანაც დღემდე შეხმატკბილებულად ცხოვრობს. სწორედ იმ წელს სტივენ კინგმა დაწერა თავის ერთერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „ქერი“, რომელიც მისთვის გახდა ერთგვარი ბედნიერი ბილეთი წარმატებებისკენ როგორც მწერლობაში, ისე კინემატოგრაფიაში.

1999 წელს სტივენ კინგი  საშინელ ავარიაში მოხვდა. მას სეირნობის დროს შეეჯახა მიკროავტობუსი, რომლის მძღოლის ყურადღება სულ ერთი, მაგრამ საბედისწერო წამით  მანქანაში მყოფმა ძაღლმა მიიპყრო.  უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სტივენ კინგი შტატ მენის წამყვან სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა ყოველდღიურ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. ექიმებმა მას ძლივს შეუნარჩუნეს ფეხი. 5 ოპერაციის შემდეგ, სტივენმა ისევ დაიწყო წერა და თხოვა ახლობლებს გაემზადებინათ მისთვის ის „დამნაშავე“ მიკროავტობუსი, რომელიც მას დაეჯახა, რადგანაც ოცნებობდა პირადად დაემტვრია ის ბეისბოლის ჯოხის საშუალებით. სამწუხაროდ, მან ვერ აიხდინა სურვილი, რადგანაც მიკროავტობუსის განადგურება მისმა მფლობელმა მოასწრო.

2001 წელს სტივენ კინგმა განაცხადა, რომ ასრულებს კარიერას, რადგანაც ის დიდი ხანია აღარ არის 25 წლის; მერე დაამატა: „არც 35-ისა და არც 55-ის“, ჰყავს მშვენიერი შვილიშვილები და ამ ცხოვრებაში უამრავი სხვა რამ აქვს გასაკეთებელი. 
სხვათა შორის, სულ მაინტერესებდა, სტივენ კინგი შვილებს ან შვილიშვილებს ღამე რა ზღაპრებს უყვება-მეთქი. და ცოტა მშურდა მათი, რადგანაც ანდერსენის ზღაპრების გარდა, ვერცერთ ზღაპარში ვერ ვპოულობდი ლოგიკას და ვნერვიულობდი.  ანდერსენში კი ლოგიკისთვის ვის ცალია, ყველაფერს სიკეთე ფარავს.

არ ვიცი, გამომივიდა დღეს თქვენი  ცოტა მაინც შეშინება, რასაც დღევანდელი თემის ჟანრი მოითხოვდა და ითვალისწინებდა, თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ცოტა გული აუფართხალდა სტივენ კინგის გმირების გახსენებისას, გირჩევთ, ყოველი შემთხვევისთვის, ძილის წინ ერთი პატარა ეპიზოდი მაინც ნახეთ ინდური თრილერიდან (უამრავია ინტერნეტში და ადვილად იპოვით). მაგალითად, მკვლელი მანიაკი ჭრიალა კიბით მორიგი მსხვერპლის  გასაგუდად (შავი წინდის საშუალებით) რომ მიიპარება და…. უცებ იწყებს ხმამაღლა სიმღერას იმაზე, რომ ის სინამდვილეში ძალიან კეთილია და მანიაკად რთულმა ცხოვრებამ აქცია. თანაც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ სიმღერა აღვიძებს ყველას, მათ შორის თქვენს მეზობლებსაც, მაგრამ არა მსხვერპლს.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ინდური თრილერივით ხალისიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0