22 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:
„ის“ (Elle) – „ძირითადი ინსტიქტის“ შემქმნელის, პოლ ვერჰოვენის დრამატული ტრილერი. ფილმის მთავარი გმირი მიშელი, რომელსაც ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი ასრულებს, მდიდარი პარიზელი ქალია, ვიდეოთამაშების მსხვილი კომპანიის მფლობელი, განქორწინებული, ვაჟი უკვე დიდია და მას თავისი ცხოვრება აქვს. ერთხელ მის სახლში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრება, მიშელს სასტიკად სცემს და გააუპატიურებს. როცა მამაკაცი მიდის, მიშელი პოლიციას არ მიმართავს. საშინელი ისტორია მასში ბავშვობისდროინდელ, მამასთან – სერიულ მკვლელთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს აღვიძებს. ამ დროიდან დაწყებული, ის ყოველ მამაკაცში მოძალადეს ხედავს. მიშელს იმ მოძალადის პოვნა უნდა, მაგრამ არა იმისთვის, რომ პოლიციას გადასცეს.
„შესანიშნავი შვიდეული“ (The Magnificent Seven) –რეჟისორ ანტუან ფუკუას ამერიკული ვესტერნი, 1960 წელს გადაღებული „შესანიშნავი შვიდეულის“ რიმეიკი. ძველი ტრადიციით, თავგადასავლის მოყვარული შვიდი უშიშარი ადამიანი მძარცველების ბანდით დაჩაგრული პატარა ქალაქის მოსახლეობის დასაცავად მიდის. ესენი არიან: მთავარი „თავებზე მონადირე“ (დენზელ ვაშინგტონი), მოთამაშე (კრის პრატი), მდევარი ნაკვალევზე (მანუელ რულფო), სნაიპერი (ითან ჰოუკი), მეომარი (მარტინ სენსმაიერი), მკვლელი (ლი ბიონ–ჰონი) და დათვი ადამიანის სამოსში (ვინსენტ დ’ონოფრიო). 16 წლამდე ასაკის ბავშვები სეანსზე არ დაიშვებიან!
„წეროები“ (Storks) – ამერიკული კომპიუტერულ–ანიმაციური ფილმი. გადაიღეს ნიკოლას სტოლერმა და დაგ სვიტლენდმა. როგორც ცნობილია, წეროებს ბავშვები მოჰყავთ… ან, ყოველ შემთხვევაში, ადრე მოჰყავდათ. ახლა კი ისინი ინტერნეტ–გაყიდვების უზარმაზარი ვებგვერდისთვის ამანათებს დაატარებენ. მაგრამ საკურიერო კომპანიის საუკეთესო წერო ჯუნიორი შემთხვევით ბავშვების შექმნის მანქანას ააქტიურებს და იღებს მომხიბლავ, მაგრამ სრულებით დაუგეგმავ გოგონას. ასე გადაწყვეტენ წერო და მისი მეგობარი გოგონა ლიუტიკი თავისი პირველი „ამანათის“ – ბავშვის „მიტანას“; ამის წყალობით მრავალ ოჯახში შეიძლება სიხარულმა დაისადგუროს, ხოლო წეროებმა კი დედამიწაზე თავისი ჭეშარიტი მისია დაიბრუნონ.
23 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში ასევე გამოვა ფილმი–კონცერტი „The Rolling Stones: Havana Moon“. ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული როკ–ჯგუფი The Rolling Stones კუბაში ჩავიდა, რათა „თავისუფლების“ კუნძულზე პირველი როკ–კონცერტი გამართოს. უკვდავი ჰიტების: "Jumpin`Jack Flash", "It’s Only Rock-n-Roll", "Paint It Black", "Honky Tonk Women", "Start Me Up", "You Can’t Always Get What You Want", "Gimme Shelter", "Brown Sugar", "Satisfaction" და ახალი სიმღერების მოსასმენად ათასობით ადამიანი იკრიბება. ფილმის რეჟისორია საკონცერტო ფილმების ცნობილი ავტორი პოლ დაგდეილი, რომელმაც Adele–სა ჯგუფ Coldplay–სადმი მიძღვნილი გახმაურებული ფილმები გადაიღო.
გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაში შემოვიდა გახმაურებული რომანტიკული კომედია რენე ზელვეგერის მონაწილეობით „ბრიჯიტ ჯონსი 3“ (Bridget Jones's Baby), კლინტ ისტვუდის ბიოგრაფიული დრამა „ჰუდსონის სასწაული (Sully) და ტრილერი „ნერვი“ (Nerve) ემა რობერტსისა და დეივ ფრანკოს მონაწილეობით.
უკვე თბილისის კინოთეატრებშია პროდიუსერისა და რეჟისორის, ტიმურ ბეკმამბეტოვის დრამატული ბოევიკი „ბენ — ჰური“ " (Ben-Hur) და ანიმაციური კომედია მოზრდილთათვის Sausage Party.
ამ უქმეებზე თბილისის კინოთეატრებში კვლავ შეგიძლიათ ნახოთ პოლ გრინგრასის მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი „ჯეისონ ბორნი“ (Jason Bourne) IMAX–ში და ფანტაზიური კომედია „ცხრა სიცოცხლე“ (Nine Lives) კევინ სპეისის, ჯენიფერ გარნერისა და კრისტოფერ უოკენის მონაწილეობით.
მულტფილმები ბავშვებისთვის — „გამყინვარების პერიოდი 5: შეტაკება გარდაუვალია“ (Ice Age: Collision Course) და მულტფილმი „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება" (The Secret Life of Pets).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!