თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფილმ „ჰეროკრატიას“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის უმძიმეს ცხრაწლიან პერიოდს ასახავს, მისმა მეუღლემ ვერ უყურა.
„ფილმში წარმოდგენილია ფაქტები, თუ რა დღეში ჰყავდათ მოსახლეობა. პირველ ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ვერ უყურა, ცუდად გახდა. მე ვუყვებოდი და ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. აი ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ექს-პრემიერის თქმით, ფილმში ასახული ფაქტები მომავალ თაობას აჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება.
„ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წელიწადი იყო ძალიან სპეციალური. შეიძლება მსგავსი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ამ ფილმს ამ მხრივ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს, თუ როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება“, — აღნიშნა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა შეკითხვას ტელე-რეიტინგების შესახებ და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ და „ტაბულა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ და ფილმის რეიტინგი მათ ინტერესებში არ შედის.